ყარაბაღში დაღუპული მებრძოლის ძეგლის გასაპროტესტებლად პარლამენტთან დაგეგმილი აქცია ჩაიშალა.
საქართველოს მოქალაქეების ნაწილი აპირებდა ჯავახეთში მიხეილ ავაგიანისთვის დადგმული ძეგლის გაპროტესტებას. თავდაპირველად მათ თბილისის მერიიდან თანხმობა განუცხადეს. აქციამდე ერთი დღით ადრე ორგანიზატორებს დაურეკეს და უთხრეს, რომ მანიფესტაცია პარლამენტთან ვერ გაიმართებოდა, რადგან ტერიტორია ბოლო რამდენიმე თვეა, შვილმკვდარი მამების პროტესტს ეთმობა.
ახალგაზრდებს სურვილი ჰქონდათ, ალტერნატიულ ტერიტორიაზე გადაეტანათ აქცია, თუმცა მერიიდან კონკრეტული პასუხი ამ დრომდე არა აქვთ.
„2019 წლის 1-ელ თებერვალს მოქალაქე სევინჯ ჰუმბათოვამ მიმართა მერიის უფლებამოსილ სამსახურს იმისათვის, რომ ერთ-ერთ ლოკაციაზე, კერძოდ, პარლამენტის წინ მშვიდობიანი აქცია ჩაეტარებინათ, რაზედაც თავდაპირველად მათ მოუვიდათ პასუხი. ეს არ იყო წერილობითი პასუხი. შემდგომ მოთხოვნა გახლდათ ასეთი, რომ კიდევ ერთხელ მიემართათ მერიის სამსახურისთვის, რათა მათთვის მოეთხოვათ მათგან წერილობითი თანხმობა, რაზეც მოუვიდათ უარი. რა თქმა უნდა, ნებისმიერ მოქალაქეს საქართველოს კანონმდებლობით აქვს მშვიდობიანი აქციის ჩატარების უფლება. გამომდინარე აქედან, მათ შეუძლიათ, კანონიერად ჩაატარონ აქცია, თუნდაც მერიის მხრიდან მათ მიიღონ უარი,“ - განაცხადა ადვოკატმა ქამრალ ამჯანოღლიმ.