ბრიუსელში ევროპის სახალხო პარტიის ასამბლეა იმართება. ევროპის ყველაზე დიდი პოლიტიკური ოჯახის შეკრებაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოში ჩატარებული არჩევნები გახდა.
ასამბლეის სხდომას ესწრებოდა გავლენიანი გერმანელი პოლიტიკოსი, დორის პეკი, რომელიც ევროპის სახალხო პარტიის ქალთა ორგანიზაციის მოქმედი თავმჯდომარე და ყოფილი ევროპარლამენტარია.
ის ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ასამბლეის დახურულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა და საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ ისაუბრა.
დორის პაკი საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების წინ იმყოფებოდა და პირადად აკვირდებოდა წინასაარჩევნო გარემოს.
მან კურიერთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში არ ჩატარებულა სამართლიანი და თავისუფალი საპრეზიდენტო არჩევნები. მისი თქმით, მმართველმა ხელისუფლებამ არჩევნების წინ, ამომრჩევლის ხმების მოსყიდვის მიზნით, ბევრ ხრიკს მიმართა.
„როგორც ვხედავთ, საპრეზიდენტო არჩევნები არ ყოფილა თავისუფალი და სამართლიანი. არჩევნების წინ ვიმყოფებოდი საქართველოში და ვნახე, რომ ქალი კანდიდატის პლაკატები შეცვლილი იყო, რადგან როგორც გავიგე, თურმე, ბევრს არ მოსწონდა. მის ნაცვლად კი პარტიის თავმჯდომარე იყო გამოსახული, რომელიც არ იყრიდა კენჭს. დაუჯერებელია და მსგავსი რამ არ უნდა დაუშვა. გარდა ამისა, ბევრ ხრიკს მიმართეს ხალხის მოსასყიდად. ჩვენ თვალი არ უნდა დავხუჭოთ, რადგან ვითარება კარგი ნამდვილად არ არის და მსგავსი ქმედებით დემოკრატია უკუსვლას განიცდის. უამრავი ადამიანი ტოვებს საქართველოს, რადგან მომავალს ვერ ხედავს. ოლიგარქიული სისტემის არსებობა უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მომენტს ხელიდან გავუშვებთ. ხალხს იმედი აქვს, რომ დავეხმარებით. ამიტომ ხმამაღლა უნდა ვილაპარაკოთ და ვიმოქმედოთ. ქართველმა ხალხმა უნდა დაინახოს, რომ ჩვენ მათი და მათი შვილების მომავლის მხარეს ვართ და არა ოლიგარქების, რომლებიც ხმებს იპარავენ. დემოკრატია ხმების მოპარვას არ ნიშნავს, დემოკრატია ნიშნავს გამოიყენო ხმები ახალი თაობის უკეთესი მომავლისთვის. თუ ეს არჩევნები არ იყო სამართლიანი, როგორ შეიძლება, პრეზიდენტმა თავი იგრძნოს, როგორც ლეგიტიმურად არჩეულმა. ჩემი აზრით, ის ლეგიტიმურად არჩეული არ არის და მან ეს უნდა იცოდეს,“ - აცხადებს დორის პაკი.