მმართველი პარტია ამ დრომდე არ ასაჯაროებს იმ თანხის ზუსტ ოდენობას, რომელიც მისივე აქტივისტებმა ვაკის ოფისიდან მოიპარეს. ინფორმაციას ქართული ოცნება საგულდაგულოდ მალავს.
დღეს იმ პირების სასამართლო პროცესი გაიმართა, რომლებიც სწორედ გახმაურებული ქურდობის გამო არიან დაკავებულები. ისინი დანაშაულს უარყოფენ და ამბობენ, რომ მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ უნდა იყოს გამოყენებული.
„მე ისეთი პოზიცია მაქვს, რომ ან საერთოდ უნდა გაუქმდეს, ან მცირე უნდა იყოს გამოყენებულიო. საერთოდ გარეთ უნდა ვიყოთ ახლაც,“ - განაცხადა ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ვახტანგ დემეტრაშვილმა.
ბრალდების ვერსიით, ოფისიდან წაღებულია მთლიანი სეიფი, რომელშიც სიმბარათები და 7000 ლარი იყო. პროკურატურის ვერსიით, ამ 7000 ლარის მფლობელი არა ქართული ოცნება, არამედ პოლიტიკური ორგანიზაციის იურისტი იყო, რომელიც საქმეში ასევე დაზარალებულადაა ცნობილი.
რატომ ინახავდა პირად ფულს იურისტი პარტიის ოფისში, ამ კითხვაზე პროკურორს პასუხი არა აქვს. ის ამბობს, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, სხვა დეტალებზე ვერ ისაუბრებს.
„სეიფი იქნა წაღებული, მასში არსებული სასაუბრო ბარათებით. სეიფში იყო მოთავსებული იურისტის პირადი თანხა, ასევე რამდენიმე სიმბარათი,“ - განაცხადა პროკურორმა გიორგი ნიშნიანიძემ.
მომხდარის შემდეგ ვაკის გამგებელი და თბილისის მერი ამბობდნენ, რომ ქურდობის დროს პარტიას არანაირი ზიანი არ მიადგა. არადა, საქმეში აღნიშნულია, რომ პარტიის ოფისიდან მთლიანად სეიფია გატანილი.