ქვეყანაში კრიმინალის გაზრდილ მაჩვენებელს ოპოზიცია ეხმაურება და ხელისუფლების პოლიტიკას უკავშირებს.
ნაციონალური მოძრაობის წევრი, ნიკა მელია, კრიმინალის მზარდ მაჩვენებელს თავად მმართველი პარტიის მიერ გადადგმულ ნაბიჯებთან აკავშირებს და აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების მიზნით, ოცნებამ კრიმინალურ ავტორიტეტებს გაურიგდა.
„ქართული ოცნების პოლიტიკა, მათ შორის, განსაკუთრებით, წინასაარჩევნოდ, როდესაც ურიგდება კრიმინალურ სამყაროს და კრიმინალურ ავტორიტეტებს და ხელიხელჩაკიდებულები ატარებდნენ არჩევნებს. ეს არის შედეგი იმისა, რომ 50,70,100 პროცენტით არის სხვადასხვა კატეგორიებში დანაშაული გაზრდილი. ყველაზე ცუდი მოსასმენი შსს-დან ის არის, რომ ამასაც გვასაღებენ ისე, თითქოს ტაში უნდა დავუკრათ. თურმე, ცნობიერება ამაღლდა შსს-სადმი და ხალხი დანაშაულს რომ ხედავს, რეკავს პოლიციაში და ამით არის განპირობებული ეს ასტრონომიული ზრდა,“ - აცხადებს ნიკა მელია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს ოფიციალურად დაადასტურა, რომ დანაშაული საქართველოში 54%-ით გაიზარდა. 2018 წელს ქვეყანაში 58 ათასზე მეტი დანაშაულია რეგისტრირებული. გაორმაგებულია ქურდობის შემთხვევები, გაიზარდა ყაჩაღობა, ძარცვა, მკვლელობა, გაუპატიურება, თაღლითობა.