19 ნოემბერი 2024,   11:10
ვრცლად
ადგილები პარლამენტის სხდომათა დარბაზში პოლიტიკური რეალობის ადეკვატურად

პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველი სხდომა მწვავე პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა. განცხადებების ერთ-ერთი მთავარი თემა კი გავრცელებული უკანონო ფარული ჩანაწერები გახდა.

იურიდიული კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ მმართველ გუნდს ყალბი თანაგრძნობის გამო უსაყვედურა. პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელება ოპოზიციისთვის და უმრავლესობისთვის კიდევ ერთხელ მწვავე დაპირისპირების და ურთიერთბრალდების მიზეზი გახდა.

დაბრუნება ძველ შენობაში პოლიტიკური გზავნილია ოპოზიციისთვის. მმართველი გუნდის ოპონენტებს არც პოლიტიკური და არც ტექნიკური ხარვეზები დარბაზში დღეს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ.

სხდომათა დარბაზში ადგილი უმრავლესობის და ოპოზიციის წვერებს ახალი პოლიტიკური რეალობის ადეკვატურად მიუჩინეს.

არჩილ თალაკვაძემ სხდომათა დარბაზის პირველი ხაზიდან უკანა რიგებში გადაინაცვლა. ეკა ბესელიასთვის კი ადგილი ახალ დარბაზში უმრავლესობის გვერდით აღარ არის. იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ოპოზიციის ფლიგელში გადასვეს.

საგაზაფხულო სესიის პირველი დღეც მთავარი პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა.

ქუთაისის პარლამენტის შენობის შემდეგ ახლა პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციის დრო დგება, რასაც ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური შურისძიებად და სახელმწიფო ინტიტუტების ნგრევად აფასებს.

პარლამენტის პირველი სხდომა, ახალი რეგლამენტის მიხედვით, ირაკლი კობახიძის მიმართვით გაგრძელდა. პარლამენტის თამჯდომარის გამოსვლა პრემიერმა და მინისტრთა კაბინეტის წევრებმაც მოისმინეს, თუმცა, დეპუტატებს მათთვის შეკითხვების დასმის საშუალება რ მიეცათ.

ოპოზიცია მინისტრებს და მთავრობის თავმჯდომარეს სხდომაზე მწვავე პოლიტიკური დებატებისთვის მარტის ბოლოს ელოდება.

დღის ამბები