გედევან ფოფხაძე ქართული ოცნებიდან ისევ მიდის - ფოფხაძემ ბიძინა ივანიშვილს დაასწრო და პარტიიდან გარიცხვას წასვლა არჩია.
ფოფხაძის განცხადების მიზეზი მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს საგანგებო გზავნილი გახდა. ვრცელ წერილში გედევან ფოფხაძემ კონკრეტული გზავნილი ამოიკითხა - ვინც მოსამართლეების არჩევის არსებულ სისტემას ეწინააღმდეგება, მათთვის ქართულ ოცნების კარი მიიხურა.
მეამბოხე დეპუტატებს ღია კარისკენ დღეს კახი კალაძემ მიუთითა. ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ, პარტიის გენერალურმა მდივანმა მის ვეტერან თანამებრძოლებს წასვლა ურჩია.
გედევან ფოფხაძის წასვლა ქართული ოცნებისთვის სრული მოულოდნელობად არ ყოფილა. დეპუტატის ეს პოლიტიკური სვლა ოცნების წევრის ერთხელ უკვე ნანახი აქვთ. მათი ნაწილი ბოლომდე დარწმუნებული არ არის, რომ ფოფხაძე უმრავლესობას ნამდვილად დატოვებს.
დეპუტატი ეკა ბესელიას გაბრაზებას ვერ მალავდა, როდესაც თბილისის მერმა მეამბოხეებს ღია კარისკენ მიუთითა. პარტია ქართლი ოცნების დამფუძნებელი, ეკა ბესელია, კახი კალაძეს ურჩევს, თითის ქნევა შეწყვიტოს.
ქართულ ოცნებაში დაპირისპირებულ მხარეებს შორის ვითომ დადებული დროებითი ზავი დღეს პოლიტსაბჭოს 2-საათიანმა შეხვედრამ დაარღვია. პოლიტსაბჭოს გავრცელებულმა განცხადებამ სასამართლო სისტემაზე და მოსამართლეების შერჩევის საკითხზე ყველაფერი თავდაყირა დააყენა.
მმართველი პარტიის ლიდერებმა უმრავლესობას რამდენიმეგვერდიანი საგანგებო განცხადება გადაუგზავნა, სადაც დეტალურად დაწერეს იმაზე, როგორ წარმატებულად მიდის სასამართლო სისტემის რეფორმირება და რომ დღეს არსებული ვნებათაღელვა ნაციონალური მოძრაობის მიერ მართულია.
ოცნების ამ გზავნილმა მეამბოხეთა ფრთა კიდევ უფრო გააბრაზა. არ არის გამორიცხული, ხვალ 11 საათზე დანიშნული უმრავლესობის სხდომა დემარშით, გედევან ფოფხაძის შემდეგ, სხვებმაც დატოვონ.
ქართული ოცნების ოფისში ხვალ უმრავლესობის საგანგებო სხდომაა. მას ისევ ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს.