19 ნოემბერი 2024,   11:16
ვრცლად
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ ანრი ოხანაშვილმა პირველი განცხადება გააკეთა

„მზად ვარ, რომ გუნდთან ერთად გავაკეთო ყველაფერი იმისთვის, რომ ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს საზოგადოებას,“ - ეს განცხადება ანრი ოხანაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ გააკეთა.

ანრი ოხანაშვილი ხმათა უმრავლესობით აირჩიეს კომიტეტის თავმჯდომარედ, თუმცა, მის წინააღმდეგ ხმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გედევან ფოფხაძემ, მისცა.

ანრი ოხანაშვილის თქმით, განსხვავებულ პოზიციას პატივს სცემს, თუმცა, ასევე განმარტავს, რომ მმართველი გუნდიდან მხოლოდ ერთი დეპუტატი წავიდა მის წინააღმდეგ.

„რაც შეეხება კონკრეტული პირების მხარდაჭერას, ეს არის მათი არჩევანი, ეს არის დემოკრატიის ნაწილი, განსხვავებული აზრი. მე პატივს ვცემ ნებისმიერ განსხვავებულ აზრს, როგორსაც ისინი აფიქსირებენ, შესაბამისად, ეს არის ჩვენი დემოკრატიული მონაპოვარი. თუმცა, იმ პირებს შორის, ვინც მხარი არ დაუჭირა ჩემს კანდიდატურას, მხოლოდ ერთი ადამიანი იყო, ვინც ეს დააფიქსირა, ბატონი გედი. ასე რომ, ეს არის მისი არჩევანი,“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ ხმათა უმრავლესობით ანრი ოხანაშვილი აირჩიეს. ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირეს, როგორც ოპოზიციის, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა. მის წინააღმდეგ ხმა მისცეს ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ნიკა მელიამ, ფრაქცია პატრიოტთა ალიანსის წევრებმა - ნატო ჩხეიძემ და დავით ჭიჭინაძემ და ასევე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გედევან ფოფხაძემ.

კენჭისყრის პროცესს არ დაესწრო დეპუტატი ეკა ბესელია და ასევე, ლევან გოგიჩაიშვილი.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც უმრავლესობაში მოსამართლეობის კანდიდატების სიასთან დაკავშირებით დიდი განხეთქილება დაიწყო და ეკა ბესელიამ თანამდებობა დატოვა.

დღის ამბები