საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა, რომელზეც საუბრის მთავარი თემა, პარტიაში არსებული დაპირისპირება იყო, დასრულდა.
იმის მიუხედავად, რომ შეხვედრის შემდეგ ეკა ბესელიამ პარტიის დატოვება არ გამორიცხა და თქვა, რომ გადაწყვეტილების მისაღებად რამდენიმე დღე მასაც და მისი გუნდის წევრებსაც სჭირდებათ, უმრავლესობის სხვა დეპუტატები ამბობენ, რომ მთავარი უმრავლესობის მთლიანობაა და ეს მთლიანობა არ ირღვევა.
„მთავარია, უმრავლესობა არსებობს, ყველაფერი კარგადაა. იქ შერიგებაზე არ ყოფილა ლაპარაკი, უბრალოდ უმრავლესობის მთლიანობაზეა ლაპარაკი. იქ კონფლიქტი არ მომხდარა,“-ამბობს გია გაჩეჩილაძე.
ბექა ოდიშარია კი ამბობს, რომ შეხვედრაზე ისეთ საქმიან დეტალებზე ისაუბრეს, როგორიცაა პარლამენტის რეგლამენტი, საკანონმდებლო ორგანოსთვის საზედამხედველო ფუნქციის გაზრდა. ოდიშარიას თქმით, პარლამენტში უკვე დაბარებულები არიან მინისტრები.
რაც შეეხება დაპირისპირებას, ბექა ოდიშარია ამბობს,რომ ის, რასაც მედია დაპირისპირებას უწოდებს არის აზრთა სხვადასხვაობა.
„ვერაფრით დავარქმევ დაპირისპირებას-ეს არის აზრთა სხვადასხვაობა“-ამბობს ოდიშარია.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ გუნდმა ერთიანობა გუნდურობის პრინციპები უნდა დაიცვას. ანრი ოხანაშვილის თქმით, ამ გუნდში ყველა წევრი მნიშვნელოვანია.
მისივე განცხადებით, პარტიის თავმჯდომარე არის ადამიანი, რომელიც ყველას აძლევს შესაძლებლობას გამოთქვას მოსაზრება და ცდილობს მსჯელობით მივიდეს გუნდი კონსესუსამდე.