ზოგადი უნარების ტესტების გაუქმებას, საპარლამენტო ოპოზიცია საკანონმდებლო ინიციატივით პასუხობს.
"ევროპული საქართველოს" წევრები მოითხოვენ, კანონით განისაზღვროს ზოგადი უნარების ტესტის ჩატარება და გრანტები სწორედ ამ ტესტის შედეგებით გადანაწილდეს.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრი სერგი კაპანაძე ამბობს, რომ ეს რეფორმა, რომელიც ზოგადი უნარების ტესტების გაუქმებას ითვალისწინებს, განათლების სისტემაში კორუფციის ახალი წყარო გახდება, რაც საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას.
„ყველაზე მნიშვნელოვანი საბოლოო ჯამში მაინც არის ზოგადი უნარების ტესტის გაუქმება, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში იყო ერთ-ერთი განმსაზღვრელი ტესტი იმისთვის, რომ აბიტურიენტები, რომლებიც აბარებდნენ უმაღლეს სასწავლებლებში - იქ მოხვედრილიყვნენ თავიანთი ცოდნის და არა სხვა რაიმე მექანიზმის, მათ შორის ნეპოტიზმის, კორუფციის თუ სხვა რამის წყალობით. „ევროპულმა საქართველომ“ გადაწყვიტა, რომ საკანონმდებლო ორგანოში დაარეგისტრიროს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ეხება იმას, რომ ზოგადი უნარების ტესტი გახდეს სავალდებულო კანონის დონეზე, როგორც ეს იყო ბოლო 15 წლის განმავლობაში, ოღონდ ეს არ იყო კანონით დარეგულირებული, ეს იყო განათლების მინისტრის და შეფასების ცენტრის დებულებებით და დოკუმენტებით განსაზღვრული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ არცერთ კონკრეტულ ჩინოვნიკს, იქნება ეს მინისტრი, იქნება ეს ცენტრის ხელმძღვანელი თუ სხვა, არ ჰქონდეს იმისი მიდრეკილება, რომ თავისი რაღაც ხუშტური თუ თავისი რაღაც შეხედულების გამო ხელის აღებით გააუქმოს გამოცდა ისე, რომ არცერთი არგუმენტი არ მოიყვანოს,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.