არა თუ საიდუმლო, არამედ არაგასაიდუმლოებულ სისხლის სამართლის საქმეზეც წვდომა არ უნდა ჰქონდეს ირაკლი კობახიძეს-ასე ეხმაურება მესამე სექტორი პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, რომლის თანახმადაც, იგი გაეცნო ე.წ. კაბელების საქმეს. საია-ს ხელმძღვანელის განცხადებით არაფერს არ ნიშნავს ის, რომ ირაკლი კობახიძე პროფესიით იურისტია. სულხან სალაძის თქმით, პარტიის წარმომადგენელს ამ ტიპის ინფორმაციაზე არ უნდა ჰქონოდა წვდომა.
„ბატონო კობახიძე რა სტატუსით, რა ფორმით და როდის იღებს ინფორმაციას ამ საქმის დეტალების შესახებ ცხადია არის მნიშვნელოვანი კითხვა და ამ კითხვას პასუხი უნდა გასცეს ბატონმა კობახიძემ ბევრად უფრო არგუმენტირებულად. თუ ამ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც საიდუმლოების გრიფით იყო ეს საქმე, თუ ამ საქმესთან დაკავშირებით პარტიის შიგნით ხდებოდა რაიმე ტიპის განხილვა, ან პრეზენტაციის ფორმატში პროკურატურის მხრიდან წარდგენა ამ საქმის დეტალების შესახებ ინფორმაციისა ეს უფრო ღრმა და სერიოზული პრობლემაა,“-განაცხადა სულხან სალაძემ.
არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძე არ არის ერთადერთი პირი მმართველ გუნდში, ვინც საუბრობს გასაიდუმლოებული საქმის დეტალებზე. ეკა გიგაურის თქმით, მსგავსი შინაარსის განცხადება მან ბიძინა ივანიშვილისგანაც მოისმინა.
„ასეთივე განცხადება გააკეთა ივანიშვილმაც, როდესაც ის საუბრობდა კაბელების საქმეზე. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ადამიანები უბრალოდ ვერ ხვდებიან, რომ თუ კი მათ კანონი დაარღვიეს და საიდუმლო საქმეებს გაეცნენ არ თქვან მაინც იმიტომ, რომ ცალსახად ეს მიუთითებს იმაზე, რომ პროკურატურა არის პოლიტიზირებული,“-განაცხადა ეკა გიგაურმა.
პროკურატურასთან შეკითხვები აქვს ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელ დირექტორსაც. მიხეილ ბენიძე აცხადებს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებული მასალები ირაკლი კობახიძისთვის ხელმისაწვდომი არ უნდა ყოფილიყო.
„გრიფით საიდუმლო საქმეზე მას წვდომა არ უნდა ჰქონოდა და თუ ის გაეცნო საქმის მასალებს, მაშინ აქ კანონდარღვევასთან გვაქვს საქმე. ასევე ამ ნაწილში ჩნდება დამატებითი კითხვები საიდან და რატომ უნდა სცოდნოდა მითუმეტეს იურიდიულად დეტალებში პარლამენტის თავმჯდომარეს ამ საქმესთან დაკავშირებული მასალები,“-განაცხადა მიხეილ ბენიძემ.
ირაკლი კობახიძის განცხადების შეფასებისგან თავს იკავებს სახალხო დამცველი. ის ამბობს რომ ჯერ საქმის დეტალებს არ იცნობს.