სამშენებლო ბიზნესი საქართველოში ჩამოშლის პირასაა. იანვარში ამოქმედებული ახალი საბანკო რეგულაციების გამო, ბინების გაყიდვა 60 პროცენტით შემცირდა. ბანკები იპოთეკურ სესხებს თითქმის აღარ გასცემენ. წელს, იანვარში გასულ წელთან შედარებით, 10-ჯერ ნაკლები იპოთეკური სესხია გაცემული. ბაზარზე არიან ისეთი კომპანიებიც, რომლებსაც იანვარში არც ერთი ბინა არ გაუყიდია.
ბიზნეს გეგმებში ცვლილებები უკვე შეიტანა და ახალი სამშენებლო პროექტები შეაჩერა რამდენიმე კომპანიამ. მათ შორის ერთ-ერთ „ჯიდიჯია“. კომპანიას ახალი კორპუსების აშენება საბურთალოსა და კრწანისში ჰქონდა დაგეგმილი. კომპანიაში ფიქრობენ, რომ იპოთეკური სესხების დაბლოკვით, სამშენებლო ბიზნესს გამოუსწორებელი დარტყმა მიადგა.
დეველოპერების ნაწილი ფიქრობს, რომ სამშენებლო ბიზნესი გაკოტრების საფრთხის წინაშე არ აღმოჩნდებოდა თუ საბანკო რეგულაციებს ხელისუფლება ეტაპობრივად აამოქმედებდა. გაყიდვები შეუმცირდა „მწვანე უბანს ლისზე"-ც, ზუსტი ციფრების დასახელება უჭირთ, თუმცა უარყოფითი შედეგი მათ ბიზნესზე უკვე აისახა.
დეველოპერული კომპანიების ნაწილმა უკვე დაითხოვა მუშახელი. საბანკო რეგულაციების გამო ათასობით ადამიანმა სახლის შეძენის შანსი დაკარგა, უფრო მეტმა ადამიანმა კი სამუშაო ადგილი.
მენაშენეების ნაწილი წუხს იმაზე, რომ სამშენებლო სფერო ახლა ხელისუფლების ექსპერიმენტად არის ქცეული. მათი ვარაუდით, გადარჩებიან მხოლოდ მსხვილი მოთამაშეები, რაც შესაძლოა სწორედ ხელისუფლების ლობირებული კომპანიების ინტერესებში იყოს.