მალხაზ მაჩალიკაშვილი დეპუტატებს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თხოვნით მიმართავს. 150, ერთი შინაარსის წერილი მალხაზ მაჩალიკაშვილმა დღეს პარლამენტის კანცელარიას ჩააბარა. პანკისში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციისას მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა დეპუტატებს სთხოვს წერილობით უპასუხონ, არიან თუ არა თანახმა მისი შვილის მკვლელობის საქმეზე დროებითი საპარლამენტო კომისია შეიქმნას.
მმართველი გუნდის პასუხი შვილმოკლული მამის თხოვნაზე ბუნდოვანია. "ქართული ოცნების" წევრთა ნაწილი ამ თემაზე საუბარს გაურბის, ნაწილი კი არ გამორიცხავს კენჭისყრაზე საკითხს მხარი დაუჭიროს.
რაც შეეხება ოპოზიციას, "ნაციონალური მოძრაობამ" თანხმობა კომისიის შექმნაზე შვილმკვდარ მამას გუშინ, წერილის მიღებამდე უთხრა, დღეს მალხაზ მაჩალიკაშვილმა დადებითი პასუხი მიიღო "ევროპული საქართველოდანაც".
თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის სრულფასოვან გამოძიებას ითხოვენ ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსშიც".
მაჩალიკაშვილების ოჯახს ახლა 28 დეპუტატის მხარდაჭერა აქვს, თუმცა საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად 50 დეპუტატის ხმაა საჭირო.