ამერიკელი სენატორი დონალდ ტრამპს მოუწოდებს რუსეთის მიმართ უფრო მკაფიო მიდგომა აირჩიოს. ამის შესახებ ტედ კრუზმა ვაშინგტონში მოხსენებით გამოსვლის დროს განაცხადა. სენატორმა ვლადიმერ პუტინს კაგებეს ავაზაკი უწოდა და ობამას ადმინისტრაცია გააკრიტიკა. მან ირანის საკითხზეც ილაპარაკა და მხარი დაუჭირა დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ირანის გარიგების დატოვების შესახებ.
„რუსეთთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია ნათელი და ერთმნიშვნელოვანი იყო სენატში მოსვლის დღიდან. რუსეთი ჩვენი მეგობარი არ არის. პუტინი КГБ -ს ავაზაკია. ამას გამუდმებით ვამბობ. სენატში მუდმივად ვიცავდი პოლიტიკას, რუსეთთან ჩვენი მიდგომის გასაძლიერებლად. დაწესებულ სანქციებს ხმა მივეცი. თანასპონსორი და მომხრე ვიყავი, რადგან სანქციების შემოღება მნიშვნელოვანი იყო. პოლიტიკური უსამართლობაა, რომ არსებობენ დემოკრატები, რომლებმაც მოულოდნელად აღმოაჩინეს, რომ რუსეთი მტერი ყოფილა. ზოგიერთ ჩვენგანს ისევ ახსოვს, ბარაკ ობამამ მედვედევს რომ უთხრა, გადაეცი ვლადიმერს, არჩევნების შემდეგ ბევრად მეტი მოქნილობა მექნებაო. წლების განმავლობაში ვცდილობდი ობამას ადმინისტრაციას დაენახა, რომ რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს და თანამშრომლობის სურვილი არ აქვს. პირადად, მე, მსურს პრეზიდენტი ტრამპი უფრო მეტად მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი იყოს რუსეთსა და პუტინის შესახებ განცხადებების გაკეთების დროს. არ მესმის, რატომ არ აკეთებს. საჯაროდაც მოვუწოდე და პირადად ვუთხარი კიდეც, მაგრამ ამას მაინც არ აკეთებს. თუ შეადარებთ რუსეთის მიმართ რეალურ პოლიტიკას ობამას და ტრამპის ადმინისტრაციების დროს, ნებისმიერი მაჩვენებლით, ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა ბევრად უფრო ძლიერია, რუსეთის აგრესიის მიმართ. რიტორიკა კი არა,“-განაცხადა ტედ კრუზმა.