19 ნოემბერი 2024,   11:27
ვრცლად
თქვენს სიტყვებს არანაირი ავტორიტეტი და არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია - აბესაძე ბატიაშვილს მიმართავს

ია კერზაიას საქმე - განათლების მინისტრის ანგარიშის მოსმენა პარლამენტში დეპუტატების მწვავე კითხვების ფონზე მიმდინარეობს.

საპარლამენტო უმცირესობის მდივანი, ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრი, ირაკლი აბესაძე დაინტერესდა, იღებს თუ არა პასუხისმგებლობას მიხეილ ბატიაშვილი ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის მასწავლებლის გარდაცვალების საკითხზე.

დეპუტატმა პარალელი გაავლო ხორავას ქუჩაზე მომხადარ ტრაგედიასთან და აღნიშნა, რომ მინისტრმა ასევე არ შეასრულა თავის როლი ამ საქმესთან დაკავშირებით.

„საზოგადოებაში თქვენს ნასაუბრებს, თქვენს სიტყვებს არანაირი ავტორიტეტი და არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია მანამ, სანამ თქვენ არ ისაუბრებთ და პასუხს არ გასცემთ და პასუხისმგებლობას არ აიღებთ იმ ძალიან რეპრესიულ და მკვეთრად უარყოფით როლზე, რომელიც პირადად თქვენ და განათლების სამინისტრომ შეასრულა ია კერზაიას გარდაცვალების საკითხში. ბატონო მიხეილ, ვინ გაიძულათ, თავის დროზე არ შეგესწავლათ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედია სასკოლო თვალსაზრისით იმიტომ, რომ აქაც ხელისუფლების დაინტერესება დიდი იყო.... მეორე მხრივ, ვინ გაიძულათ დღეს ასე ოპერატიულად გემოქმედათ აბსოლუტურად რუტინულ, თითქოს, წერილზე და სასკოლო ინფრასტრუქტურის პრობლემებზე, რომელზეც თავად აღნიშნეთ თქვენივე გამოსვლაში, რომ მრავლად აქვს დღეს განათლების სისტემას და არანაირ ოპერატიულ რეაგირებას ეს ნამდვილად არ საჭიროებდა,“ - ამბობს აბესაძე.

განათლების მინისტრს ასევე აკრიტიკებს პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო - რეგიონების” თავმჯდომარის მოადგილე, ლელა ქებურია. მან სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ მიხეილ ბატიაშვილმა დირექტორის ოჯახს არც კი მიუსამძიმრა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ბრძანება, რომელიც თქვენ გაეცით, არ მომდინარეობდა თქვენგან, მაგრამ თქვენ თავის დროზე სითამამე არ გეყოთ იმისთვის, რომ შეწინააღმდეგებოდით პარტიულ დავალებას. შემდეგ თანამდებობრივი პასუხისმგებლობა არ გეყოთ იმისთვის, რომ  გადამდგარიყავით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ხართ ადამიანი და ადამიანური პასუხისმგებლობა მაინც გაწუხებთ. ბატონო მინისტრო, სამეგრელოში სამძიმარზე მისვლა უთქმელ პატიებას ნიშნავს, მოსისხლე მტრებიც კი იზიარებენ ერთმანეთის გაჭირვებას, სამძიმარზე როგორ არ მიხვედით,“ - აღნიშნა ქებურიამ.

დღის ამბები