19 ნოემბერი 2024,   11:18
ვრცლად
ჩნდება კითხვა, ხომ არ იყო პოლიტიკურად მოტივირებული შემთხვევა - "ოცნების" წევრები ია კერზაიას საქმეზე საუბრობენ

ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის საქმესთან დაკავშირებით ოპოზიციის გარდა, განათლების მინისტრთან კითხვები ჰქონდათ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებსაც.

„ქართული ოცნების“ წევრებმა მინისტრს მოუწოდეს, რომ საქმესთან დაკავშირებით ყველა კითხვას პასუხი გასცეს, რათა საზოგადოებაში კითხვის ნიშნები არ დარჩეს.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირინა ფრუიძე ამბობს, რომ გენინსპექციის შესვლა ზოგადად არ იწვევს კითხვის ნიშნებს, თუმცა დეპუტატის თქმით, ანონიმური წერილის შესვლისთანავე მინისტრის დაუყოვნებლივი ნებართვა აჩენს კითხვას იყო თუ არა გენინსპექციის ეს შესვლა პოლიტიკურად მოტივირებული.

„გენინსპექციის სკოლაში შესვლა, ბუნებრივია, არ არის გასაკვირი, თუმცა, რამდენიმე ფაქტორიდან გამომდინარე, პირველ რიგში, ის რომ ეს მოხდა არჩევნების პირველ და მეორე ტურს შორის, ასევე ის, რომ ანონიმური წერილის საფუძველზე განხორციელდა გენინსპექცია და ამ წერილის შესვლიდან ძალიან მოკლე ვადაში, ბუნებრივია, რომ საზოგადოებაში აჩენს კითხვებს, ხომ არ იყო ეს პოლიტიკურად მოტივირებული შემთხვევა და აუცილებელია, რომ ამ კითხვებს დეტალური პასუხი გაეცეს,“ - ამბობს ირინა ფრუიძე.

განათლების მინისტრს კითხვებზე პასუხის გაცემისკენ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, თამარ ჩუგოშვილი.

„ბევრმა დასვა უკვე კითხვა და ვიცი, რომ ამაზე ალბათ ისაუბრებთ და გექნებათ ამაზე პასუხები, მაგრამ მეც მინდა ჩემი პოზიცია დავაფიქსირო ამასთან დაკავშირებით. ეს ის საკითხი არის, სადაც მე ვფიქრობ, რომ კითხვები არ უნდა დავუტოვოთ ჩვენ მის ოჯახის წევრებს და საზოგადოებას, მაგრამ პირველ რიგში, მის შვილს და მის ოჯახს,“ - განაცხადა ჩუგოშვილმა.

დღის ამბები