კვლევებს, რომელსაც განათლების სამინისტრო ეყრდნობა და რის საფუძველზეც იქნა მიჩნეული, რომ CAT-ის გამოცდები და უნარების გამოცდები არაეფექტურია, უწყება ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნებს. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა გააკეთა. მას აღნიშნული თხოვნით "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ მიმართა. დეპუტატი დაინტერესდა რა კვლევებს ეყრდნობოდა უწყება, როდესაც მიიღო გადაწყვეტილება საატენსტატო და უნარების გამოცდების მოხსნის თაობაზე.
მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით ინიციატივის გაჟღერებას წინ უძღოდა შეხვედრები როგორც განათების სფეროს სპეციალისტებთან, ასევე ის დაეყრდნო სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებს. გარდა ამისა, მინისტრის თქმით, განათლების სამინისტროს კონსულტაციები მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების ქართველმა სპეციალისტებმაც გაუწიეს.
„გვყავდა ორი პროფესორი. ეს არის ფლორენციის უნივერსიტეტის პროფესორი ლიკა ჩიხაია და ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, რომლებიც გვეხმარებოდნენ როგორც ანალიზისთვის ასევე იმ დასკვნებისთვის, ასევე იმ ნაბიჯებისთვის რომელიც უნდა გადაიდგას,“-განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა და აღნიშნა, რომ ის მზად არის ნებისმიერ კითხვას გასცეს პასუხი.