ულტიმატუმების ახალი სერია მმართველ გუნდში - თამარ ჩუგოშვილი წითელ ხაზს ავლებს. პარლამენტის ვიცე-სპიკერი „ქართულ ოცნებას“ დატოვებს იმ შემთხვევაში, თუ საეჭვო ბიოგრაფიის მქონე მოსამართლეების უვადოდ გამწესების საკითხი ისევ დღის წესრიგში დადგება.
წასვლა ჩუგოშვილის რადიკალური პოლიტიკური სვლა იქნება. ის ასევე, აანონსებს, რომ ამ თემაზე დებატებს არც ბიძინა ივანიშვილთან მოერიდება.
დღეს „ქართულ ოცნებას“ ულტიმატუმების დღე ჰქონდა. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, უმრავლესობის დატოვება დაანონსა ბექა ნაცვლიშვილმა. დეპუტატი პირდაპირ ამბობს, რომ მოსამართლეების სკანდალურ სიასთან ერთად, მისთვის წყალგამყოფი საპენსიო რეფორმა იქნება.
უმრავლესობიდან წასასვლელად გამზადებულმა ეკა ბესელიამ კი მხარდამჭერების შეკრება დაიწყო. დღეს მის გვერდით ძველი და ახალი სახეები გამოჩნდნენ, რომლებიც ამბობენ, რომ ამბოხებულები არ არიან და საკუთარ თავს კობახიძე-მდინარაძე-ზარდიაშვილის დაჯგუფებასთან გამიჯნულებს უწოდებენ.
დღეს ბესელიას ფრთამ პარლამენტს ახალი საკანონდებლო ინიციატივა წარუდგინა, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ გამწესების 2024 წლის 31 დეკემბრამდე შეჩერებას მოითხოვს.
ორ ბანაკად დაყოფილ „ოცნებაში“ ეკა ბესელიას მხარეს დღეს ის დეპუტატებიც გამოჩნდნენ, რომლებიც შიდა პარტიული პოლიტიკური ბრძოლის დროს სრულ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდნენ.
ეკა ბესელიას საპასუხოდ დღეს კობახიძე-მდინარაძის დაჯგუფების წევრების სახელით განცხადება, იურდიული კომიტეტის ახალმა თავმჯდომარემ გააკეთა. ანრი ოხანაშვილმა ჯერ კიდევ მისი გუნდის წევრებს შიდა პარტიული თამაში წესების დაცვა მოსთხოვა.
„ოცნებაში“ განხეთქილების ახალი ეტაპი ორი დღეა, რაც დაიწყო. ეკა ბესელია და მისი თანამოაზრეები პირდაპირ ამბობენ, რომ ე.წ. ახლების გუნდს ღირებულებებით რადიკალურად დაშორდნენ და ერთად მუშაობა, ფაქტობრივად, შეუძლებელია.