ტექნიკის მაღაზიებში მყიდველების რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია. წლების განმავლობაში მოსახლეობა ტექნიკას ძირითადად განვადებით ყიდულობდა. ახალი საბანკო რეგულაციების გამო, ბანკები ხალხს განვადების სერვისზე უარს ეუბნებიან, შესაბამისად შემცირდა გაყიდული პროდუქციის რაოდენობა. „აი პლუსში“ ამბობენ, რომ განსაკუთრებით მძიმე სურათი რეგიონებშია, სადაც მოსახლეობა თვითდასაქმებულია და შემოსავლებს ვერ ადასტურებს, ამიტომ განვადებაზეც მასობრივად უარს იღებენ. კომპანიაში ამბობენ, რომ რეგიონებში განვადებები 100 პროცენტით შემცირდა.
ახალი საბანკო რეგულაციების პირველი მსხვერპლი უკვე ყავს. Techno Boom კოტრდება. კომპანიამ დოკუმენტაცია სასამართლოში უკვე წარადგინა და გადახდისუუნაროდ ცნობას ითხოვს. Techno Boom-ში განვადებები სამჯერ შემცირდა, რის გამოც ვალდებულებები კომპანიამ ვეღარ შეასრულა. მოსალოდნელ მძიმე შედეგებზე Techno Boom-ის დამფუძნებელი ჯერ კიდევ მაისში "კურიერთან" საუბრობდა.
იმას, რომ ახალი რეგულაციები ბაზარზე პრობლემებს მოიტანდა, ექსპერტები თავიდანვე საუბრობდნენ. სპეციალისტების თქმით, მიმდინარე პროცესი ტექნიკის მაღაზიებთან ერთად აზარალებს სხვა ბიზნესებსაც.
მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა წინააღმდეგობის მიუხედავად, ბანკებს რეგულაციები პირველი იანვრიდან დაუწესა. შეიზღუდა ყველანაირი სესხის გაცემა, მათ შორის განვადება. საპარლამენტო განხილვებისას ცვლილებებს ოპოზიცია კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკით მოვაჭრე კომპანიები კოტრდებიან, მმართველ გუნდში ამბობენ, რომ დასკვნების გასაკეთებლად ჯერ მცირე დროა გასული და მაღაზიებს ურჩევენ შიდა დაკრედიტების სისტემა შექმნან.