19 ნოემბერი 2024,   11:16
ვრცლად
მიხეილ ბატიაშვილი პოლიტიკაში შემთხვევით მოხვდა და შემთხვევითი ადამიანები ამთავრებენ ძალიან ცუდად - რომან გოცირიძე

ია კერზაიას გარდაცვალების საქმე - მომხდარს კანონმდებლები საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ. ოპოზიცია განათლების მინისტრს აკრიტიკებს და ამბობს, რომ ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლაში გენინსპექციის გაგზავნა პოლიტიკური მოტივით მოხდა.

რომან გოცირიძე მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილს მიმართავს და აფრთხილებს, რომ როგორც პოლიტიკაში შემთხვევით მოხვედრილი პირი, კარიერას ცუდად დაამთავრებს.

„ის მოხვდა პოლიტიკაში შემთხვევით და შემთხვევითი ადამიანები ამთავრებენ ძალიან ცუდად, როგორც თავიანთ პირად კარიერას, ასევე ზიანს აყენებენ ქვეყანას და ამ შემთხვევაში, კონკრეტულ ადამიანებს,“ - განაცხადა გოცირიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე განათლების მინისტრს მკაცრად აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მიხეილ ბატიაშვილმა გენინსპექციის გაგზავნის გადაწყვეტილება ძალოვანი უწყებების მაღალჩინოსნების დავალებით მიიღო.

დეპუტატი განმარტავს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დროს სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებისთვის საჭირო ხმების მოგროვების მიზნით ადმინისტრაციული რესურსის სრული მობილიზება მოხდა. გოცირიძის თქმით, სკოლის მასწავლებლები აწარმოებდნენ ამომრჩევლების აღრიცხვას და საარჩევნო უბნებთან სიით ხელში იმყოფებოდნენ.

„ეს, რა თქმა უნდა, არ იყო ბატონი მინისტრის მიერ ორგანიზებული. მას დაავალეს, მან შეასრულა ძალოვნების დავალება, იმ ადამიანების დავალება, რომლებიც საარჩევნო პროცესს აკონტროლებდა. მიიღო ანონიმური წერილი და ერთი დღის განმავლობაში, წერილის შემოსვლიდან მისი რეზოლუციის დადებამდე და მეორე დილით, როგორც ირკვევა გააგზავნა დამსჯელი ჯგუფი და 10:00-ზე უკვე ზუგდიდში ჩავიდნენ და ფაქტობრივად, ერთი დღის განმავლობაში ეს ბიუროკრატიული პროცედურა მან განახორციელა სწორედ სხვების დავალებით. ამიტომ, ყველაზე ცუდი და მძიმე მოსასმენი იყო ის, რომ ის შეეცადა ამ დანაშაულის დაფარვას, ფაქტობრივად, გამოესარჩლა ყველა იმ ადამიანს, ვინც მასში მონაწილეობდა, მათ შორის, საკუთარი უწყების ჩინოვნიკებს და იმ ადამიანებს, ვინც მასზე ახდენდნენ ზეწოლას,“ - ამბობს რომან გოცირიძე.

სკოლის მასწავლებლებსა და დირექციაზე პოლიტიკური ნიშნით ზეწოლასთან დაკავშირებით საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში თავად ია კერზაიამ "რუსთავი 2"-თან ისაუბრა. ის ამბობდა, რომ ზურაბიშვილის ხმების მობილიზებას სთხოვდნენ, რაზეც მან უარი განაცხადა, ამას კი, კერზაიას მტკიცებით, მის მიმართ ზეწოლა მოჰყვა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს ია კერზაიას შვილი. 

დღის ამბები