კიდევ ერთხელ ვამბობ, ნუ დავსპეციალდებით მიცვალებულის პოლიტიკურ ჭრილში გადატანით - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნუკრი ქანთარიამ გააკეთა. საუბარი ზუგდიდს მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების საქმეს ეხება.
დღეს პლენარულ სხდომაზე, სადაც განათლების მინისტრი იმყოფება, დეპუტატების მხრიდან განცხადებები სწორედ ია კერზაიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით გაკეთდა. ოპოზიციამ ხელისუფლება პოლიტიკურ ზეწოლაში არაერთხელ დაადანაშაულა. საუბარია იმაზე, რომ კერზაიას ჯანმრთელობის პრობლემა საპრეზიდენტო არჩევნებისას, მასზე განხორციელებული პოლიტიკური ზეწოლის შედეგად შეექმნა.
ტრიბუნაზე ასულ ქანთარიას კი მომხდარზე ფაქტობრივად არ უსაუბრია. მან მხოლოდ მწუხარება გამოთქვა და თქვა, რომ გარკვეული პირები მომხდარით „პოლიტიკური ხეირის“ მიღებას ცდილობენ.
„კიდევ ერთხელ ვამბობ, ნუ დავსპეციალდებით მიცვალებულის პოლიტიკურ ჭრილში გადატანით და ხეირის მიღწევით ამით. ეს არ გამოვა და ძალიან ცუდად ჩანს კიდევ ერთხელ მინდა ეს გითხრათ ვისაც ეს ეხება,“- განაცხადა ქანთარიამ.