19 ნოემბერი 2024,   11:11
ვრცლად
"ბევრი რამე უნდა შეიცვალოს" - ლიეჟში მიხეილ სააკაშვილი მსოფლიოს სახვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ქართველ ემიგრანტებს შეხვდება

ბელგიის პატარა ქალაქი ლიეჟი ქართველი ემიგრანტების მასშტაბური შეხვედრის ცენტრი ხდება.  ქართველი ემიგრანტების შეხვედრა კონგრესის სასახლეში 17:00 საათზე დაიწყება. ქართველები ლიეჟში კანადიდან, შეერთებული შტატებიდან და ევროპის თითქმის ყველა ქალაქიდან შეიკრიბებიან და შეეცდებიან, მოისმინონ საქართველოს მესამე პრეზიდენტისგან ინფორმაცია და თავადაც გაუზიარონ მიხეილ სააკაშვილს საკუთარი პოზიცია ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილი სიტყვით გამოვა და გაიმართება დისკუსია სხვადასხვა პანელებზე. ასევე მოძრაობის „ერთად სახლში“ წარმომადგენლები შეკრებილებს სამომავლო სამ პუნქტიან გეგმას გააცნობენ.

ემიგრანტები, რომლებიც ლიეჟში შეხვედრაზე დასასწრებად ჩავიდნენ, ამბობენ, რომ საქართველოს გადარჩენის ერთადერთი გზა ქვეყანაში პრორუსული ხელისუფლება უნდა წავიდეს.

„ჩემი პოზიცია გამყარდა არჩევნების შემდეგ, როცა უკვე წამოვიდა ემიგრანტებზე მუქარა პირდაპირ და მივხვდი, რომ რაღაც შესაცვლელია და ჩვენ ემიგრანტებს იმის ძალა გვაქვს, რომ უნდა შევცვალოთ რაღაც ჩვენს სამშობლოში.... ბევრი რამე უნდა შეიცვალოს, არ შეიძლება რომ სახელმწიფო დეგრესისკენ მიდის,“ - ამბობს ერთ-ერთი ქართველი ემიგრანტი ისრაელიდან, რიჩარდ მაღალაშვილი.

გარდა ამისა, სანდო წყაროს ინფორმაციით, ხელისუფლების მხარდაჭერით, გარკვეული ჯგუფები შეხვედრისთვის ხელის შეშლას გეგმავენ. არსებული ცნობით, ისინი ხელისუფლების მიერ არიან დაფინანსებული და სხვადასხვა ქვეყნიდან არიან ჩამოყვანილი. „კურიერმა“ ერთ-ერთი ასეთი ჯგუფის გადაღება მოახერხა, თუმცა ამ ადამიანებმა კომენტარის გაკეთება არ მოინდომეს.

 

 

 

დღის ამბები