17 ნოემბერი 2024,   10:54
ვრცლად
ნაგავსაყრელი მდინარის პირას - ქობულეთის სანაპირო ზოლი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას 

ქობულეთში, გელაურის დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობა ეკოლოგიურ საფრთხეებზე საუბრობს. დასახლებაში ნაგვის ურნების არარსებობის გამო ადგილობრივებმა მდინარის პირას  ნაგავსაყრელი მოაწყვეს. ადგილობრივების მიერ შექმნილი ხელოვნური ნაგავსაყრელი მდინარე კინტრიშის არხში მდებარეობს, რომელიც შავ ზღვაში ჩადის. იქ ყრია ყველაფერი- პოლიეთინელის პარკები, პამპერსები, საყოფაცხოვრებო ნარჩენები. ქობულეთის სანაპირო ზოლი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას.  

გაზაფხულსა და ზაფხულში გელაურის დასახლებაში შეუძლებელია გაჩერება. ნაგვის სუნი და მძიმე სანიტარული მდგომარეობა ქობულეთის ამ ნაწილში სხვადასხვა დაავადებების რისკს ზრდის. იხოცება შინაური ფრინველი. დაავადებები გადააქვთ მწერებს. ადგილობრივების თქმით მდინარის ხეობაში ნაგავს მთელი ქობულეთი უკვე წლებია ყრის. გელაურში ამბობენ, რომ პრობლემა მუნიციპალიტეტმა იცის, თუმცა სანაგვე ურნები მათთან ამ დრომდე არ დაუმონტაჟებიათ.

მოსახლეობისგან რადიკალურად განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს ქობულეთის მერია. როგორც ჩანს, მერის მოადგილემ მრავალწლიანი ხელოვნური დაბინძურების შესახებ ან არ იცის, ან არ უნდა რომ გაიგოს. ზუსტ თარიღს ვერ ამბობს როდის გასუფთავდება საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან ქობულეთის გარეუბანი, მაგრამ ის რომ ურნების მარაგი მუნიციპალიტეტს აქვს დარწმუნებულია. 

ავტორი: სოფო ჭულუხაძე. 

დღის ამბები