პარლამენტი საპენსიო რეფორმას განიხილავს - ოპოზიცია კი დაგროვებითი პენსიის სისტემის გაუმართაობასა და ხარვეზებზე საუბრობს. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე ამბობს, რომ არ არსებობს გარანტია, რომლის მიხედვითაც 20-30 წლის შემდეგ დაგროვებული პენსია უკან დაბრუნდება.
გოცირიძის განცხადებით, საკითხი პოლიტიკურ ჭრილში იმდენად გადაიზარდა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი კოლეგების წინააღმდეგობის შემთხვევაში გუნდის დატოვებით იმუქრება.
„ყველაზე მთავარი ნაკლი არის ის, რომ ეს არ არის ნებაყოფლობითი. თავდაპირველად აუცილებელი იყო, შეჩვევისათვის, რომ ყოფილიყო ნებაყოფლობითი.
მეორე - ის, რომ ადამიანებს არ აძლევს საშუალებას ფული განათავსოს კერძო, თუ სახელმწიფო ფონდებში, პირდაპირი არის მიბმული და ასეთი იძულებითი, ძალდატანებითი სქემის პირობებში არ არსებობს იმის საშუალება, რომ მისი ინვესტირება მოხდეს მომგებიანად და გარანტია იმისა, რომ მრავალი, 20-30 წლის შემდეგ ეს თანხა უკან დაბრუნდება არ არსებობს. ფაქტია, რომ ეს საკითხი უკვე პოლიტიკურ ჭრილში გადაიზარდა და ერთ-ერთი მთავარი თემა არის ის, თუკი უმრავლესობა ჩააგდებს ერთ-ერთი დეპუტატის ინიციატივას, მაშინ ის ტოვებს უმრავლესობის რიგებს,“-აცხადებს გოცირიძე.