13 წლის ძმისშვილის მკვლელობისთვის დაკავებულ პირს ბრალს რამდენიმე საათში წაუყენებენ. ინფორმაცია ბრალდებულის ფსიქიკური პრობლემების შესახებ, ექიმებმა დაადასტურეს.
ვალერი ირემაძე წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან ექიმების გადაწყვეტილებით, ფსიქიკური მედიცინის ცენტრში გუშინვე გადაიყვანეს და ამ დროისთვის, მედიკამენტების ზემოქმედების ქვეშ იმყოფება.
რუსთავის ფსიქიკური ცენტრის დირექტორი, მანანა ელიაშვილი ამბობს, რომ ბრალდებულთან სრულყოფილი კონტაქტის დამყარება ვერ ხერხდება.
„გუშინ გვიან საღამოს შემოიყვანეს პაციენტი. მორიგე ექიმმა შეაფასა მისი მდგომარეობა, ანამნეზური მდგომარეობა იყო დასაყრდენი ძირითადად, იმიტომ რომ პაციენტთან სრულყოფილი კონტაქტის წარმართვა ვერ ხერხდება. კონკრეტულად და მოკლედ სცემდა პასუხებს. საერთო შეფასების შედეგად, მან მისცა დანიშნულება, ღამე ეძინა პაციენტს, გვიან გაიღვიძა დღეს. დღეს მისი ქცევა არის მოწესრიგებული, რაღაც არა ადეკვატურობა ქცევაში და გამონათქვამებში არ აქვს, თუმცა მასთან კონტაქტი კვლავ რჩება მინიმალისტური, ძალიან კონკრეტულად იძლევა პასუხებს დასმულ შეკითხვებზე, ადეკვატურს, მაგრამ კონკრეტულს. გასაუბრება მასთან ვერ ხერხდება,“ - განაცხადა მანანა ელიაშვილმა.
ადვოკატის, ზურა დალაქიშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი შოკურ მდგომარეობაში იმყოფება, შესაბამისად, ამ დროისთვის ბრალდებულის გამოკითხვა ვერ შედგება.
„მისი გამოკითხვა მოხდება ბრალის წარდგენის პარალელურად. ამ ეტაპზე ბრალდებული იმყოფებოდა გუშინ გარკვეულ შოკურ მდგომარეობაში, შესაბამისად, ასეთ მდგომარეობაში გამოკითხვაში ჩვენ მონაწილეობას ნამდვილად ვერ მივიღებდით. დღეს ვნახოთ, როგორი იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და თუ ამის შემდგომ მოგვეცა შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, და თუ იქნება ეს ბრალდებულის სურვილი, ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას გამოკითხვის პროცედურაში,“ - განაცხადა ზურა დალაქიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რუსთავში, 13 წლის ბავშვის მკვლელობის ბრალდებით ბიძა დააკავეს. მან მოზარდს ცივი იარაღით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.