19 ნოემბერი 2024,   11:18
ვრცლად
რა კავშირი აქვთ ლიეჟში ჩასულ პროვოკატორებს სუს-თან - ბელგიურმა პოლიციამ და ანტიტერორისტულმა სამსახურმა მოკვლევა დაიწყო

საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო სკანდალში ეხვევა - ვინ იყვნენ ლიეჟში ჩასული პროვოკატორები, აქვთ თუ არა მათ კავშირი ქართულ უსაფრთხოების სამსახურთან და რატომ უთვალთვალებდნენ ადამიანებს სანქციის გარეშე, ამ საკითხების მოკვლევა ბელგიურმა პოლიციამ და ანტიტერორისტულმა სამსახურმა დაიწყო.

როგორც მოძრაობა ერთად სახლშის წარმომადგენლები აცხადებენ, მათ ხელთ აქვთ იმისი მტკიცებულებები, რომ ლიეჟში ვითარების პროვოცირებას და ადამიანებზე უკანონო თვალთვალს სუს-ის აგენტები ახორციელებდნენ.

სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე უსაფრთხოების თანამშრომლების მივლინება და არასანქცირებული სპეცოპერაციის ჩატარება საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაა.

მოძრაობის წარმომადგენლები უცხოელ იურისტებთან კონსულტაციებს მართავენ, რათა მოამზადონ სათანადო დოკუმენტაცია, რაც შეიძლება, მალე მიმართონ ბელგიის სამართალდამცავ ორგანოებს.

გიორგი სიგუას თქმით, მათ მოძრაობას აქვს ფოტო და ვიდეომასალა, სადაც კარგად ჩანს, რომ სუს-ის თანამშრომლები იმყოფებიან ქალაქ ლიეჟში და ქართველებზე უკანონო თვალთვალს ახორციელებენ.

მისი განცხადებით, არსებობს მტკიცებულება, რომლის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები ემიგრანტებთან შეხვედრაზე საქართველოდან საგანგებოდ ჩამოვიდნენ.

„ეს არის არა მარტო საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევა, არამედ კანონმდებლობის დარღვევა და ბელგიის სახელმწიფოს შეურაცხყოფა. ის არ იკმარა, რომ გამოაგზავნა ზონდერები, "ციცინო დეიდები", პროვოკატორები, ჯიბის ჟურნალისტები, ასევე გამოაგზავნა სპეცსამსახურის თანამშრომლები, რაც არის სრული შეურაცხყოფა და კანონმდებლობის დარღვევა თვითონ ბელგიის სამეფოსი. ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დარჩეს შეუმჩნეველი და დაუსჯელი,“ - განაცხადა მოძრაობა ერთად სახლშის წარმომადგენელმა, გიორგი სიგუამ.

დღის ამბები