შინაგან საქმეთა სამინისტრო სექსუალური ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ სასჯელს ამკაცრებს.
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი უკვე შემუშავებულია.
როგორც უწყების ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, ლონდა თოლორაიამ, განაცხადა, კანონპროექტი სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას, მათი კომპეტენციის ფარგლებში, სექსუალური ძალადობის ჩამდენ პირთა მონიტორინგის ვალდებულებას აკისრებს.
შსს-ს ინფორმაციით, 2018 წელს გამოვლენილი იქნა 116 პირი, რომელმაც სექსუალური ხასიათის დანაშაული ჩაიდინა, თუმცა, მათგან 86-მა პირმა ეს არასრულწლოვნის მიმართ განახორციელა.
„2018 წელს შსს-ს ტერიტორიული ორგანოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, სექსუალური ხასიათის ძალადობის ფაქტზე გამოვლენილი იქნა 116 პირი, რომელთა უმეტესი ნაწილი - 86 პირი, მხილებულ იქნა 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირებთან ნებაყოფლობითი სექსუალური ხასიათის კავშირში. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, ამ კატეგორიის დანაშაულზე არასრულწლოვანთა და მათი მშობლების მხრიდან მომართვიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაზრდილია, რაც ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე მიუთითებს,“ - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.