დედაქალაქის განვითარების გენერალურ გეგმაში ცვლილებები შეიტანეს, რომლის შედეგადაც დედაქალაქი მორიგ მრავალსართულიანი კორპუსების კომპლექსს მიიღებს.
ხმაურიანი და დაძაბული დებატების მიუხედავად, მერიამ საკრებულო უმრავლესობის მხარდაჭერა სრულად მიიღო.
თბილისში, სამგორში 18 ახალი 8 და 9-სართულიანი კორპუსის მშენებლობის საკითხს საკრებულოს სხდომაზე მწვავე კამათი მოჰყვა. მერიის მაღალჩინოსნები შესაძლო კორუფციულ გარიგებებში ოპოზიციამ დაადანაშაულა, რასაც ხმაური მოჰყვა.
ლევან ხაბეიშვილმა სხდომაზე ის ფოტომასალა წარადგინა, რომლის მიხედვითაც, გენერალური გეგმის პროექტი მოსკოვის გამზირზე კორპუსების მშენებლობას არ ითვალისწინებს.
გენგეგმის დამტკიცება მარტში უნდა მოხდეს, ოპოზიცია კი დარწმუნებულია, რომ მერია პროექტში ცვლილებებს იქამდე ჩქარობს, ვიდრე ქალაქს ახალი განვითარების გეგმა ექნება.
მათი აზრით, საკრებულოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, 33 ათას კვადრატულ მეტრს ზონალური სტატუსი შეეცვალა და ამით ყველა პრობლემა მოხსნა.
თბილისის ვიცემერმა, ირაკლი ხმალაძემ, მედიის წარმომადგენლებს დაუმალა, რომ ტერიტორია არა მხოლოდ საქმიან-საზოგადოებრივი დანიშნულების, არამედ სამრეწველო ზონა იყო, რომლის სტატუსის შეცვლასაც მეტი დასაბუთება სჭირდება.
იმ ტერიტორიის, სადაც 18 მრავალსართულიანი კორპუსი უნდა აშენდეს, მეპატრონე სააქციო საზოგადოება ქაშანურია, რომელმაც მერიას ნოემბერში მიმართა, იანვარში კი მერიამ ახალი განკარგულება გაამზადა, სადაც ასევე უთითებს, სამრეწველო და საზოგადოებრივ ზონაში მშენებლობის პრობლემას ვერ ხედავს და ხარვეზების მიუხედავად, ათობით კორპუსის აშენება ამ ადგილას არც სატრანსპორტო პრობლემას შექმნის.
ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ გენგეგმაში ცვლილებების პრეცედენტების დაშვების შედეგად დოკუმენტი ფარატინა ფურცლად იქცევა.