17 ნოემბერი 2024,   10:43
ვრცლად
"დღევანდელი სასამართლო პროცესი არის კლასიკური მაგალითი იმისა, როგორ არ უნდა იქცეოდეს მოსამართლე" - დავით კირკიტაძის ადვოკატი

"დღევანდელი სასამართლო პროცესი არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს სასამართლო და როგორ არ უნდა იქცეოდეს მოსამართლე," - ასე ეხმაურება დავით კირკიტაძის ადვოკატი სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომელმაც ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

ადვოკატი ამბობს, რომ ორი თვის წინ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გამოყენებული იყო იმ მოტივით, რომ არსებობდა მოწმეებზე ზეწოლის საფრთხე. თუმცა, გიორგი კონდახაშვილის თქმით, დღეს მოსამართლემ განმარტა, რომ ამის საფრთხე აღარ არსებობს. ამასთან, ბრალდების მხარის მოწმეებისგან, რომელიც 36 ადამიანისგან შედგება, ყველა პოლიციელია.

„აღნიშნული გადაწყვეტილება პირდაპირ გასაჩივრებას არ ექვემდებარება. ყველაზე უფრო ტრაგიკული დღევანდელ გადაწყვეტილებაში არის ის, რომ დღეს სასამართლომ დაპატიმრების საფუძვლის განგრძობადობად მიიჩნია ის საფუძველი, რომელიც თვითონვე უარყო ორი თვის წინ. ანუ დღეს მოსამართლემ აღნიშნა, რომ არც მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეც არსებობს, არც სხვა ბრალდება არსებობს, ერთადერთი საფუძველი ის არის, რომ მიმალვის საფრთხე, რომელიც თვითონვე და პირველი ინსტანციის სასამართლომ ორი თვის წინ მიიჩნია არარელევანტურად. დღეს საფუძვლად დაედო დავით კირკიტაძის პატიმრობის განგრძობადობას,“ - განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა.   

ადვოკატი აცხადებს, რომ დავით კირკიტაძის მიმართ მოსამართლემ პოლიტიკური გადაწყვეტილება გამოიტანა და არა სამართლებრივი. 

დღის ამბები