ნორვეგიაში, ქურდობის ბრალდებით საქართველოს 3 მოქალაქე ამ დრომდე პატიმრობაში რჩება. "კურიერმა" გაარკვია, რომ ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმასთან გიორგი აბრალავასთან ერთად დაკავებულია გრიშა მარღანია და გიორგი კიკნაძე. სამივე მათგანი ერთმანეთის ახლობლები არიან. აქედან კიკნაძეც ზარდიაშვილის ნათესავია. ცნობილი ხდება, რომ რამდენიმე წლის წინ ისნის გამგეობაში მუშაობდა, თუმცა მას შემდეგ, რაც კიკნაძემ გამოცდები ვერ ჩააბარა, დასუფთავების სამსახურში დაასაქმეს. პარლალელურად კი ის ისანში "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელია. რაც შეეხება ვანო ზარდიაშვილთან მის ნათესაურ კავშირს, "კურიერის" ინფორმაციით, "ქართული ოცნების" დეპუტატი გიორგი კიკნაძის შვილის ნათლიაა. ისინი ერთობლივად ფლობენ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე კომერციულ ფართს, რომელსაც ბიზნეს საქმიანობისთვის იყენებენ. კიკნაძე ხშირად მონაწილეობს თვითმმართველობის ორგანოს ღონისძიებებში, სადაც ის საკრებულოს დეპუტატ ნინო ლაცაბიძესთან ერთად ჩნდება. "კურიერმა" ის ფოტომასალაც მოიპოვა, სადაც კიკნაძე და ზარდიაშვილი ერთად არიან გადაღებულები.
გიორგი აბრალავას მამა აცხადებს, რომ მის შვილს ბრალი არ უდასტურდება და გარკვეული პროცედურების გავლის შემდეგ ის საქართველოში დაბრუნდება.
„ფაქტი არის რომ დაკავებულია მაგრამ ბრალი არ უდასტურდება. ჩემი ვარაუდით შეიძლება ქართველების მიმართ რაღაც დამოკიდებულება არის, ან რაღაც სხვა საქმესთანაც იყოს დაკავშირებული მაგრამ ერთმნიშვნელოვნად ასე გამოაცხადო ელექტრო ტექნიკა და ისა... ეს უნდა იყოს ან მაცივარი, ან უნდა იყოს მსხვილი რაღაც ტექნიკა და გენერატორი და ა.შ. ეს წარმოუდგენელია. შსს-მ მე როგორც ვიცი მიიღო ინფორმაცია შესაბამისი, რომ ეს არ უდასტურდებათ მათ. უბრალოდ არის პროცედურა რომლის გავლის შემდეგ თვითონ ჩამოვა და გასცემს პასუხს. პიარის ნაწილია. თუ ის არის საინტერესო რომ ეს ვანო ზარდიაშვილს დაუკავშირო, მაგალითად არის ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმა?! რა, სიძეობა და ცოლის ძმობა დანაშაულია? ვანო ზარდიაშვილამდე მუშაობდა ის აუდიტის სამსახურში. ეს შეიძლება ნახოთ,“-განაცხადა დაკავებულ გიორგი აბრალავას მამა ანზორ აბრალავამ.
გიორგი კიკნაძის ოჯახის წევრები კი მედიასთან საუბარს გაურბიან. ისინი გიორგი კიკნაძის დაკავების ფაქტს უარყოფენ.