„საინტერესოა, რატომ არ მონაწილეობს არანაირი ფორმით საბჭოს მუშაობაში კვლავ საქართველოს პრეზიდენტი,“- ეს შეკითხვა „ევროპული საქართველოს“ წევრს, ირაკლი აბესაძეს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შექმნის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით აქვს.
ოპოზიციის წარმომადგენელი ხელისუფლების ინიციატივას, რომ შეიქმნას ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს, თუმცა ირაკლი აბესაძე ხაზგასმით ამბობს, რომ ბევრი კითხვის ნიშანი იკვეთება. ოპოზიციის წევრის თქმით, საინტერესოა, საბჭოს მუშაობაში რატომ არ იქნება ჩართული საქართველოს პრეზიდენტი.
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ კანონპროექტის წარდგენით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ თავის დროზე ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმების, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შემქნის და შემდგომ კვლავ გაუქმების მიზეზი პოლიტიკური კინკლაობა იყო.
„ამ კანონპროექტის წარმოდგენით საქართველოს მთავრობამ პრაქტიკულად დაადასტურა, რომ თავის დროზე ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმება, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შემქნა და შემდგომ კვლავ გაუქმება იყო მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური კინკლაობა და პოლიტიკური ჟონგლიორობა ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის ასეთი უმნიშვნელოვანესი საკითხით, როგორიც არის ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავება. დღეს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თავიდან შექმნა შეიძლება ითქვას, რომ წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ამ მიმართულებით ბევრი კითხვის ნიშანი დგას, რამდენად ეფექტური იქნება ის და რამდენად ადეკვატურად გაუმკლავდება პრობლემებსა და გამოწვევებს. პირველ რიგში საინტერესოა რატომ არ მონაწილეობს არანაირი ფორმით საბჭოს მუშაობაში კვლავ საქართველოს პრეზიდენტი,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირაკლი აბესაძემ.
უშიშროების საბჭოს გაუქმების შემდეგ ხელისუფლება ახალი უწყების დაკომპლექტებას იწყებს. ეროვნული უსაფრთოხების საბჭო უშიშროების და კრიზისების საბჭოს გააერთიანებს და ის პრემიერის დაქვემდებარებაში იქნება. ჯერ უცნობია, ვინ უხელმძღვანელებს ახალ უწყებას, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სტრუქტურის მუშაობაში პრეზიდენტი არ მონაწილეობს. ის სხდომებს მხოლოდ პრემიერის მიწვევის შემთხვევაში დაესწრება.
როგორც ცნობილია, საბჭოს შემადგენლობაში იქნებიან პრემიერ-მინისტრი, შინაგან საქმეთა, თავდაცვის, საგარეო და ფინანსთა მინისტრები, სუს-ისა და დაზვერვის სამსახურის უფროსები, ასევე თავდაცვის ძალების ხელმღვანელი. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრი იქნება.