სოფელ განმუხურიდან ორი ადამიანის გატაცების ფაქტს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი ეხმაურება. მინისტრი ადასტურებს 2 მამაკაცის გატაცებას და აცხადებს, რომ საოკუპაციო რეჟიმი აგრძელებს ჩვეული პრაქტიკით მოქმედებას.
ქეთევან ციხელაშილის თქმით, მომხდარის შესახებ ინფორმამირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.
„სამწუხაროდ და საუბედუროდ საოკუპაციო რეჟიმი აგრძელებს იმ მახინჯ პრაქტიკას რომელიც უკავშირდება ადამიანების უკანონო დაკავებას. ამჯერად განმუხურის მაცხოვრებლებს ეხება საქმე. და საუბედუროდ და სამწუხაროდ ეს არის ზუსტად საოკუპაციო პოლიტიკის ნაწილი. მუდმივად, გარკვეული პერიოდულობით ამგვარი თუ სხვა პროვოკაციული მოქმედებების განხორციელება. ამ შემთხვევაში გვაქვს, პირველი ოპერატიული ბერკეტი, რომელიც უკვე ამოქმედებულია, ეს არის ცხელი ხაზი და პარტნიორების ინფორმირება და ჩართულობა დაუყოვნებლივ, რომ კონკრეტულად ეს პირები იყვნენ გათავისუფლებული. მეორე გახლავთ ის, რომ ამას თავისი პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასებები აქვს და ეს ცალსახად ყველა შემთხვევაში არიოს მიუღებელი, გაუმართლებელი უკანონო მოქმედება,“-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
რუსმა ოკუპანტებმა ზუგდიდის სოფელ განმუხურიდან ორი ადამიანი გაიტაცეს. 60 წლის ემილ გოგოხია და ზამირ მიქავა ოკუპანტებმა იარაღის მუქარით ოკუპაციის ხაზთან ცხენის ძებნის დროს დააკავეს.
ერთ-ერთი გატაცებული სოფელ განმუხურის რწმუნებულის მოადგილის მამაა. ”რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა გატაცებულები ჯერ ჭუბურხინში გადაიყვანეს, ამ წუთებში კი ისინი გალში, წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაჰყავთ.
რუსმა ოკუპანტებმა გატაცებულების ტელეფონით მათ ოჯახის წევრებს დაურეკეს და შეატყობინეს, რომ ისინი საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.