სპეცოპერაცია ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში - წინასწარი ინფორმაციით, პირადი ცხოვრების ამსახველი, ფარული ჩანაწერების საქმეზე გამოძიებას შეკითხვები ზაალ ლატარიასთან აქვს.
უკრაინაში მებრძოლი ყოფილი სპეცრაზმელი, ბათუმის პოლიციაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს. როგორც ლატარიას შვილი ლანა ლატარია ამბობს, ის მამასთან ერთად ბათუმში სამარშრუტო ტაქსით გადაადგილდებოდა, რა დროსაც პოლიციამ ისინი გააჩერა და ზაალ ლატარია პოლიციის მანქანაში გადასვეს. მისივე თქმით, ლატარიას უთხრეს, რომ ჩხრეკა მის სახლში, ზუგდიდშიც ჩატარდებოდა.
„დაახლოებით ნახევარი საათის წინ დააკავეს. ესკორტის მანქანა მოგვადგა. ჩაისვეს მანქანაში. მითხრეს, რომ უბრალოდ დაკითხვა არისო, მამაჩემმა მითხრა ბესელიას საქმეზე დამაკავესო. უნდათ ზუგდიდში გადაყვანა და მისი სახლის გაჩხრეკა. რატომ დააკავეს, ბათუმიდან ზუგდიდში რატომ მიჰყავთ არაფერი არ ვიცი,“-ამბობს ზაალ ლატარიას შვილი.
უცნობია, ლატარიასთან რა კითხვები აქვს გამოძიებას. ის გამოკითხვაზე 2 საათზე მეტია იმყოფება. ზუგდიდში, მისი მშობლების სახლში კი სამართალდამცველების გამოჩენას ელიან.
ზაალ ლატარია 2013 წლამდე საქართველოს ძალოვან უწყებებში მუშაობდა, იყო სპეცრაზმელი, შემდეგ კი ის უკრაინაში იბრძოდა.
2015 წელს ლატარია საქართველოში ჩამოსვლისას დააკავეს. გამოძიება მას ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა შენახვა მოხმარებას ედავებოდა. სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო და პირობითი მსჯავრი დააკისრა.
როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, ლატარია ახლა პოლიციის სამმართველოში გამოკითხვაზე, მოწმის სტატუსით იმყოფება.