რუსეთისგან ვიყიდით გაზს - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა.
გიორგი ქობულიას თქმით, იმისათვის რომ ქვეყანაში გაზის მიმწოდებელ კომპანიებს შორის კონკურენცია გაჩნდეს, რუსეთისგან გაზის შესყიდვაზე მოლაპარაკებებია მიმდინარეობს.
„ეს არის მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომ შევქმნათ საშუალება, ერთზე მეტი მომწოდებელი იყოს გაზის. დიახ, ჩვენ რუსეთთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებას და ალბათ, რუსეთისგან შევისყიდით გაზს, იმის ფარგლებში, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ენერგოუსაფრთხოება და ენერგო დამოუკიდებლობა შევინარჩუნოთ. ჩვენ პირობების გაუმჯობესებაზე მიგვყავს მოლაპარაკებები . იმიტომ რომ შევქმნათ დივერსიფიკაცია და იყოს კონკურენტული ფასები გაზზე. გვინდა, რომ შევქმნათ გაზის დივერსიფიკაცია. ჩვენ რუსეთისგან ყოველთვის ვყიდულობდით გაზს. როცა მოლაპარაკება შედგება ფასს გეტყვით,“-განაცხადა ქობულიამ.
ქობულიას ამ განცხადებამ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, რომან გოცირიძის აღშფოთება გამოიწვია, მან ჰკითხა ქობულიას, თუ რატომ გადაწყდა რუსეთისგან გაზის შეძენა, როცა 2012 წელს რუსულ გაზზე ქვეყანამ უარი თქვა. მან კალაძეს დიდი ქველმოქმედი უწოდა, რომელიც „გაზპრომს“ აფინანსებს.
„თუ 185 დოლარი კარგი ფასია, რატომ არ იყიდეთ შარშან რუსეთისგან გაზი? ადასტურებთ თუ არა რომ 30 მილიონი დოლარის ზარალს განვიცადეთ ყოველწლიურად?კალაძე არის ყველაზე დიდი ქველმოქმედი, ასაჩუქრებს გაზპრომს,“-ამბობს გოცირიძე.
მისივე განცხადებით, ახალი ხელშეკრულებით,რომელიც რუსულ კომპანიასთან იდება და რომელმაც საქართველოში სომხეთისკენ მიმავალი გაზის ტრანზიტი უნდა უზრუნველყოს, საქართველო 30 მილიონ დოლარს კარგავს, რადგან წინა წლებში სატრანზიტო ღირებულება 40 მილიონი დოლარი.
„თქვენ აფორმებთ ახალ ხელშეკრულებას არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს კონფიდენციალური ჩვენ ვართ ამ შემთხვევაში მილსადენის მესაკუთრე, ჩვენზეა რუსტი დამოკიდებული, ჩვენ არაფერში აღარ გვჭირდება გაზპრომი, ჩვენ არ ვღებულობთ არც ერთ კუბურ მეტრ გაზს.
ვიცით ხელშეკრულების შინაარსი არ იმალება არაფერი, 200 მილიონი კუბური გაზი გვრჩებოდა ყოველწლიურად. 200 მილიონი კუბური გაზი საქართველოსთვის და მისი რეგიონებისთვის ღირს 40 მილიონი დოლარი, 40 მილიონი დოლარი გვქონდა წინა ხელშეკრულებით საჩუქრად, ახალი ხელშეკრულებით გვაძლევენ ტრანზიტად 11 მილიონ დოლარს. ჩვენ წავაგეთ 30 მილიონი დოლარი, ლარის კურსის ცვალებადობით ეს არის დაახლოებით 60 მილიონი ლარი,“-განაცხადა გოცირიძემ.
გიორგი ქობულიას თქმით კი, ეკონომიკის სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რათა რუსეთთან მოლაპარაკებები ისე წარმართოს, რომ გაუმჯობესდეს როგორც ტრანზიტის პირობები ასევე მოსახლეობისა და კომპანიებისთვის გაიაფდეს ბუნებრივი აირზე ტარიფი.