მაიკ პომპეოს მორიგი მკაცრი განცხადება რუსეთის მისამართით. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ რუსეთის აგრესია საქართველოსა და უკრაინაში დასავლეთისთვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს.
მისივე თქმით, ვაშინგტონი საკმაოდ სერიოზულად უდგება რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს და ევროპის თავისუფალი ერების ერთადერთ დამცველად ნატოს ასახელებს. ეს განცხადება მაიკ პომპეომ პოლონეთში, ნატოს სამხედრო ბაზაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
„რუსეთს ევროპაში დომინირების და მსოფლიო არენაზე გავლენის მოპოვების დიდი გეგმები აქვს. ვლადიმერ პუტინი მიისწრაფვის დაშალოს ნატოს ალიანსი, დაასუსტოს შეერთებული შტატები და გაანადგუროს დასავლური დემოკრატიები. რუსეთის შეჭრა საქართველოსა და უკრაინაში, მისი პროვოკაციული თავდასხმა უკრაინულ გემებზე შავ ზღვაში, შარშან ნოემბერში, და ჩვენი და ჩვენი მოკავშირეების წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის წარმოება, ჩვენი უსაფრთხოებისა და ცხოვრებისთვის პირდაპირ გამოწვევას წარმოადგენს,“ - განაცხადა მაიკ პომპეომ.