ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. დეპუტატი ითხოვს, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ კანონპროექტი შემჭიდროვებულ ვადებში განიხილონ. მას იურიდიული კომიტეტის უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება.
ბესელიას მიერ ხელმოწერების შეგროვების დაწყებას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მოქმედი თავმჯდომარე გამოეხმაურა. ანრი ოხანაშვილის თქმით, არ არის საჭირო ხელმოწერების შეგროვება, რადგან კანონპროექტის ინიციატორებთან კონსულტაციებს გაივლიან და შემდეგ გადაწყდება, როდის დაიწყებს კანონპროექტზე კომიტეტი მსჯელობას.
ოხანაშვილის განცხადებით, კანონპროექტთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს.
„ბევრი საკითხია, რომელიც პასუხის გაცემას საჭიროებს, პირველი ეს არის კონსტიტუციუი სტანდარტი, კონსტიტუციურ სტანდარტს აკმაყოფილებს თუ არა ეს კანონპროექტი, არის კიდევ ბევრი სხვა საკითხი, რამდენად სამართლიანია. არის თუ არა სამართლიანი იმ პირებთან მიმართებაში, რომელზეც ჩვენ თავიდან გავაკეთეთ აქცენტი, როდესაც ეს გამოსაცდელი ვადის ფარგლებში ვთქვით, რომ სწორედ გამოსაცდელი ვადის შემდგომ ახალი სისხლი შედის კიდევ სასამართლო სისტემაში. ამიტომ ეს ადამიანები, რომლებმაც გაიარეს, არიან კეთილსინდისიერები მოსამართლეები და ელოდებიან, ვინაიდან მათ ჰქონდათ კონსტიტუციური მოლოდინი დანიშვნასთან დაკავშირებით, რას ვეუბნებით მათ. არის ბევრი შეკითხვა, პირველი არის კონსტიტუციური სტანდარტი, მეორე ეს არის, რამდენად სამართლიანია ეს კანონპროექტი,“- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.