19 ნოემბერი 2024,   11:18
ვრცლად
თუკი ვინმე დააპირებს კონკრეტული ნაბიჯის გადადგმას, ეს გუნდის მთლიანობაზე არ მოქმედებს - მათიკაშვილი "ოცნების" დაშლაზე 

„ქართული ოცნების“ დაშლას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი გამორიცხავს. დეპუტატის თქმით, მოსამართლეთა უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, არის შესაძლებლობა, რომ გუნდმა ერთიანობა შეინარჩუნოს.

დავით მათიკაშვილი ეკა ბესელიას საკანონმდებლო ინიციატივასაც ეხმაურება, რომელიც პირველ და მეორე ინსტანციაში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის 2015 წლამდე გულისხმობს.

მათიკაშვილი ბესელიას მოთხოვნასთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნავს, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით არაერთი კითხვა არსებობს, რაზე პასუხებიც საკანონმდებლო ინიციატივის ავტორებისგან უნდა მოისმინონ.

„პირველი, რაც ამ კანონპროექტმა უნდა ჩააბაროს, ეს არის კონსტიტუციურობის ტესტი, იქ შეიძლება იყო კიდევ რამდენიმე კითხვა, ამიტომ, ჯერ ჩვენ არგუმენტებს უნდა მოვუსმინოთ და შემდგომ უკვე მივიღოთ გადაწყვეტილება. არის რესურსი უმრავლესობის მთლიანობის შენარჩუნების, ეს რესურსი მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული და ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ 2020 წელს საზოგადოების წინაშე ერთიანი, მთლიანი გუნდით შევხვდეთ. კონკრეტული პირების გადაწყვეტილება კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ეს არის მათი გადაწყვტილება და ამ გადაწყვეტილების ფარგლებში მოქმედებს ყველა ინდივიდუალურად, თუკი ვინმე დააპირებს კონკრეტული ნაბიჯის გადადგმას, ეს გუნდის მთლიანობაზე, ცხადია, არ მოქმედებს,“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. დეპუტატი ითხოვს, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ კანონპროექტი შემჭიდროვებულ ვადებში განიხილონ. მას იურიდიული კომიტეტის უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება. 

დღის ამბები