თევდორე მღვდლის ქუჩაზე მეორადი ტანსაცმლის საწყობში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას 17 სახანძრო ბრიგადა ცდილობდა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
როგორც სავაჭრო ცენტრის იურისტი ამბობს, დაცვის სამსახურმა დროულად მიიღო ზომები და ხანძრის გაჩენისთანავე ყველა მოვაჭრისა თუ მომხმარებლის ევაკუაცია მოახერხა.
დაშავებული არავინაა, თათია ნანობაძის თქმით, დამწვარია მეორადი სათამაშოების საწყობი.
„დროულად მოხდა ხანძრის ლიკვიდაცია, შესაბამისი სახანძრო მოწყობილობებიც არსებობდა შენობაში, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, როგორც კი ნებართვა იქნება მოხდება ხალხის შეშვება,“-ამბობს თათია ნანობაძე.
ადგილზე იმყოფება დიდუბის გამგებელიც. შენობის ერთ ნაწილში მოვაჭრეები უკვე შეუშვეს. როგორც ცნობილია, ხანძრისას 200 კვადრატულ მეტრამდე ფართობი დაიწვა. დაშავებული არავინ არის, ხანძრის გამომწვევი მიზეზი დაუდგენელია.