19 ნოემბერი 2024,   11:16
ვრცლად
მილიონი ხელმოწერის შეგროვება - 21 პოლიტიკური პარტია საბოლოო სტრატეგიაზე შეთანხმდა

ოპოზიცია მილიონი ხელმოწერის შეგროვებას გეგმავს იმისთვის, რომ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს. 21 პოლიტიკური პარტია საბოლოო სტრატეგიაზე შეთანხმდა. ოპოზიციის წარმომადგენლები ხვალ საპროცედურო საკითხთა კომიტეტს მიმართავენ. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, მაჟორიტარულისგან განსხვავებით, პროპორციული საარჩევნო სისტემა სამართლიანია.

ოპოზიცია ითხოვს, რომ მაჟორიტარული სისტემით არჩევნების ჩატარება უნდა გაუქმდეს არა 2024 წელს, არამედ 2020 წელსვე. ხელისუფლების ოპონენტები აპირებენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებისთვის საჭირო 200 ათასი ხმა შეაგროვოს, თუმცა ოპოზიცია ასევე გეგმავს, რომ ხელმოწერების რაოდენობა მილიონამდე გაზარდოს, რადგან ხელისუფლებას არ დარჩეს არგუმენტი, ხალხის გადაწყვეტილებას უარი უთხრას.

„მთელი ოპოზიციური სპექტრი გაერთიანებულია, მათ შორის ისინიც, ვინ გამარჯობას არ ვეუბნებოდით გუშინწინ ერთმანეთს. მხოლოდ ივანიშვილს სურს მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნება. იმიტომ, რომ მილიონერი მაჟორიტარების იმედი აქვს და წარმოიდგინეთ, ეს სისტემა რომ გაუქმდეს, რაც მოუწევს მილიონი ხელმოწერის შეგროვების შემდეგ, ივანიშვილი არის საფრთხის წინაშე, რომ მილიონერი მაჟორიტარები მას დაუპირისპირდებიან. ამის გაკეთება მას არ უნდა.

"მთავარი, ხალხს არ უნდა მაჟორიტარული სისტემა. რამდენი კვლევა ჩატარებულა, უმრავლესობა ამბობს, რომ არ ვიცი, ვინ არის ჩემ მაჟორიტარი. 4 წელიწადში ერთხელ გამოანათებენ, დახარჯავენ 10-15 მილიონ ლარს და მორჩა. ხალხს არ უნდა და ამის დასადასტურებლად, ჩვენ მილიონ ხელმოწერას დავდებთ,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ.

ხელმოწერების შეგროვების დაწყებამდე ოპოზიციას საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თანხმობა სჭირდება. ხელისუფლების ოპონენტები გეგმავენ, რომ კომიტეტის ხვალინდელ სხდომას დაესწრონ.

„იმ ღრმა პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური კრიზისიდან, რომელშიც საქართველო შეიყვანა „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა მთავრობამ, გამოსავალი არის მხოლოდ ერთადერთი, რომ არჩევნები ჩატარდეს სისტემით, რომელიც გამორიცხავს რომელიმე, ნებისმიერი პოლიტიკური ძალის მიერ ერთპიროვნულ მმართველობას. ასეთი არის პროპორციული არჩევნები. შესაბამისად, ჩვენ ვამბობთ, რომ პროპორციულ არჩევნებზე უნდა გადავიდეთ არა როდისღა, 2024 წელს, არამედ ახლა, უახლოესი არჩევნებისთვის, იქნება ეს 2020 წელს, თუ იქამდე ვადამდელი,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ლევან თარხნიშვილმა.

21 პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები „ეროვნულ-დემოკრატიული“ პარტიის ოფისში შეიკრიბნენ. 

„ერთადერთი ბერკეტი, რაც ბიძინა ივანიშვილს შერჩა, ეს არის გაყალბება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მას ამის საშუალება არ მივცეთ. ეს მანკიერი სისტემა მინიფეოდალების საშუალებით და ბევრი ფულის ჩაყრით, მაჟორიტარული არჩევნებით სურს, მოახდინოს ამ ხელისუფლების უზურპაცია. ჩვენ ამის საშუალებას არ მივცემთ,“- განაცხადა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ, ბაჩუკი ქარდავამ.

ოპოზიციის წევრები მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას უვარგისს სისტემას უწოდებენ.

„ჩვენი მიზანია, რომ მორიგი წარმატებული მცდელობა განვახორციელოთ უვარგისი საარჩევნო სისტემის გასაუმჯობესებლად, რათა 2020 წელს არჩევნები ჩატარდეს პროპორციული წესით,“- განაცხადა „ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარემ, მამუკა კაციტაძემ.

ოპოზიციას მიაჩნია, რომ მოქმედი ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას შეეცდება, რაც დაუშვებელია. 

„სადამდე შეიძლება, 2016 წლამდე გვეხვეწებოდნენ, ახლა 2020-ში მომაპარინეო, შემდეგ იტყვის 2024 წელსაც მომაპარინეო. ამიტომ სამართლიანობა არ შეიძლება იყოს გადავადებული,“ - განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ მთავარი საბჭოს წევრმა, გიორგი ახვლედიანმა.

 

 

დღის ამბები