სასამართლო სისტემაში უვადოდ კიდევ 8 მოსამართლე გამწესდა. გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მიიღეს.
კენჭისყრა გაიარეს იმ მოსამართლეებმა, რომლებიც სამწლიანი გამოსაცდელი ვადით იმყოფებოდნენ თანამდებობაზე. მათ შორის ერთ-ერთი ხორავას ქუჩის საქმის მოსამართლე ეკა არეშიძეა, რომელიც დღევანდელ კანდიდატებს შორის ერთადერთი იყო, რომელმაც საბჭოს ყველა წევრის მხარდაჭერა მიიღო.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ ეკა არეშიძე არის კეთილსინდისიერი და კვალიფიციური მოსამართლე.
„რაც შეეხება ქალბატონ ეკა არეშიძეს, ჩემი აზრით იგი არის ძალიან კვალიფიციური მოსამართლე და არც გასაუბრებაზე არ გამოსულა იმგვარად, რომ ეცადა, რომ დაემტკიცებინა ერთგულება კლანისთვის და ისეთ ადამიანებს, რომლებიც გამოირჩევიან პროფესიონალიზმითა და კეთილსინდისიერებით - მათ ექნებათ ჩემი მხარდაჭერა. ამ ქვეყანას სჭირდება კეთილსინდისიერი მოსამართლეები. მოსამართლეებს, რომლებსაც გამოცდილება აქვთ 10 წლის მუშაობის, ბუნებრივია მათი პროფესიონალიზმი მეტნაკლებად არის ასე ვთქვათ მიღწეული რაღაც დონეზე და ძნელია, რომ ასე ვთქვათ დაუწუნო პროფესიონალიზმი, როცა ადამიანს აქვს ამხელა გამოცდილება, მაგრამ ჩვენ გვჭირდება კეთილსინდისიერი მოსამართლეები,“ - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანისა და თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი მიქაუტაძეს ვარაუდით, ნაზი ჯანეზაშვილი პირადი ურთიერთობების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებებს და არა შესწავლილი საქმეების ან გასაუბრების შედეგების საფუძველზე.
„ქალბატონი ნაზი ალბათ იმის მიხედვით იღებს გადაწყვეტილებებს თუ რა ურთიერთობა აქვს მას ამა თუ იმ ადამიანთან, მაგრამ მე პირადად და ასე უნდა იყოს წესით, ყველა წევრი უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას იმ შეფასებების საფუძველზე, რომელიც ჩვენ გვაქვს გაკეთებული, იმ საქმეების საფუძველზე, რომელიც შევისწავლეთ, იმ ბევრი ძალიან დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც გამოთხოვილი იყო შეფასების დეპარტამენტის მიერ და რა თქმა უნდა გასაუბრების შედეგების მიხედვით,“ - განმარტა გიორგი მიქაუტაძემ.