საჯარო მოხელეების მოვალეობების არასათანადო შესრულების გამო ქობულეთის ბიუჯეტს 72 ათას ლარამდე ზიანი მიადგა. 2017 წლის ბიუჯეტის ანგარიში აუდიტის სამსახურმა გამოქვეყნდა. დასკვნის თანახმად, მუნიციპალიტეტში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები შეუსაბამოა და ბიუჯეტის არაეკონომიურ ხარჯვაზე მიუთითებს.
დასკვნაში ასევე წერია, რომ სოფელ აჭვისთავში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა, თუმცა სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა. ბაღის ხელმძღვანელმა "კურიერის" გადამღები ჯგუფი შენობაში არ შეუშვა.
“უამრავი ინფრასტრუქტურული სამუშაოები უხარისხოდ არის შესრულებული და პირდაპირ წერს აუდიტი, რომ არც ერთ ამ სამუშაოებს ხარისხის შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი არ დევს საქმეში, რამდენად ხარისხიანად არის შესრულებული. ამასთან დაკავშირებით, თვალსაჩინო მაგალითი არის აჭვისთავის და ჩაის უბნის საბავშვო ბაღი, რომლებიც დასრულდა 2017 წელს და დღეს არის 2019 წელი და ბაღები არ გახსნილა,“ - აცხადებს საკრებულოს წევრი ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მერაბ ცინცაბაძე.
ქობულეთის მერი, მირიან ქათამაძე კი საპირისპიროს ამტკიცებს და აცხადებს, რომ რეკომენდაციების ნაწილი შესრულებულია.
„მუნიციპალიტეტის მერიის, როგორც შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან, დადგენილ ვადაში იქნა მიმართული შემსრულებელზე იმ მოთხოვნით, რომ აღმოფხვრილიყო ის უმნიშვნელო ხასიათის ხარვეზები, რომლებიც გამოვლინდა სამუშაოების დასრულების შემდეგ. რეკომენდაციები, რომელიც გავითვალისწინეთ და ვეთანხმებოდით, ნაწილი არის შესრულებული, ნაწილზე დაწყებულია შესრულების პროცესი, ხოლო ნაწილ რეკომენდაციებზე ჩვენ გვაქვს შესაბამისი ალტერნატიული მოსაზრება, რომელიც გავუგზავნეთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს,“ - განაცხადა მირიან ქათამაძემ.