პრემიერს დაქვემდებარებული უსაფრთხოების საბჭო და მასში პრეზიდენტის მონაწილეობა - საკითხი პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ დღეს, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრისას იმსჯელა.
პრეზიდენტს სურს საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღოს, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კი ამბობს, რომ თუკი პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოში წარმოვიდგენთ პარლამენტის ან პრეზიდენტის მონაწილეობას, ამით შეიძლება დაირღვეს სახელისუფლებო შტოებს შორის ძალაუფლების განაწილების პრინციპი. თუმცა ირაკლი სესიაშვილი ასევე განმარტავს, რომ საბჭო პრემიერს ექვემდებარება, შესაბამისად გადაწყვეტილების მიღება მთავრობის კომპეტენციაა.
„ეს არის პრემიერის სათათბირო ორგანო და ეს არის მთავრობის კომპეტენცია. ამ სათათბირო ორგანოს ფარგლებში გადაწყვეტილება არ მიიღება, გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა. შესაბამისად, იქ სადაც მთავრობაა, არის მთავრობის კომპეტენციები, იქ სადაც პრეზიდენტია, არის პრეზიდენტის კომპეტენციები. პრეზიდენტი, როგორც უმაღლესი მთავარსარდალი რა თქმა უნდა, არის და იქნება მომავალშიც სრულად სრულყოფილად ინფორმირებული თავდაცვის საკითხებთან, საფრთხეებთან მიმართებაში, რისთვისაც მას აქვს პირდაპირი კომუნიკაცია პრემიერ მინისტრთან, თავდაცვის მინისტრთან, თავდაცვის ძალების ხელმძღვანელებთან. პოზიცია არის პირადად ჩემი, რომ ამ შემთხვევაში, თუკი პრემიერ მინისტრის სათათბირო ორგანოში ჩვენ დავინახავთ და წარმოვიდგენთ პარლამენტის ან პრეზიდენტის მონაწილეობას, ამით შეიძლება დავარღვიოთ ჩვენ სახელისუფლებო შტოებს შორის ძალაუფლების განაწილების პრინციპი,“ - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტს უსაფრთხოების საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მიღება სურს. საკითხზე პარლამენტში კონსულტაციები დაიწყო. დღეს პირველი შეხვედრა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს დიმიტრი გაბუნიას, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ირაკლი სესიაშვილთან ჰქონდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია ითხოვს კანონპროექტში გაჩნდეს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტს ექნება უფლებამოსილება უსაფრთხოების საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღოს.