მცხეთელები სამშენებლო ნებართვას ითხოვენ, თუმცა ქალაქში მორატორიუმია გამოცხადებული. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათი საცხოვრებლები ინგრევა და შეკეთებას ვერ ახერხებენ.
2 წლის წინ ქალაქში მორატორიუმი გამოცხადდა და ყველა ტიპის მშენებლობა შეჩერდა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ მცხეთაში მორატორიუმის გაგრძელებით ყველაზე მეტად სამღვდელოებაა დაინტერესებული. მათი თქმით, მეუფე დავით ალავერდელს ბიზნესინტერესები აქვს და აშენებაც თავად სურს.
მცხეთის გენგეგმის შემუშავება 2015 წელს დაიწყო. კომპანია ”სალი 2011-ს" მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან 160 ათასი ლარი გადაუხადა. კომპანიის სპეციალისტების მიერ მომზადებული დოკუმენტი ჯერ ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა, შემდეგ კი UNESCO-მ დაიწუნა.
ამის შემდეგ ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ახალი კონკურსი გამოაცხადა. მილიონ 800 ათასის ღირებულების ხელშეკრულება ამხანაგობა ”აქოლისმა” მოიგო.
გაირკვა, რომ ორივე კომპანიაში მენეჯმენტის რგოლში ერთი და იგივე პირები არიან. მცხეთის მერიაში ადასტურებენ ინფორმაციას, რომ აკაკი ზერეკიძე კომპანია ”სალი 2011-ის" ქვეკონტრაქტორი იყო, ახლა კი ”აქოლისის” მენეჯერია.
კომპანია ”სალი 2011-ში" ადასტურებენ, რომ სპეციალისტი აკაკი ზერეკიძე ძველი გენგეგმის შემუშავებაში ჩართული იყო. თავად ზერეკიძე უარყოფს, რომ აქამდე მცხეთის განვითარების გეგმაზე უმუშავია.
ავტორი: ნინო ვარძელაშვილი.