17 ნოემბერი 2024,   11:26
ვრცლად
განრიდება ხელმძღვანელი პირების, ვის მიმართაც არის გარკვეული შეკითხვები, შეიძლება იყოს გარკვეულწილად ახსნილი - ბიზნეს ომბუდსმენი TBC ბანკის საქმეზე 

რას ეწირება მამუკა ხაზარაძის 25 წლიანი მმართველობა თიბისი ბანკში - “კურიერის” ინფორმაციით, ეროვნული ბაკის მოთხოვნას, ხაზარაძის და მისი მოადგილის სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევის შესახებ, წინ უძღოდა გარიგების მცდელობა ბიძინა ივანიშვილთან.

ინფორმირებული წყარო “კურიერს” უყვება, რომ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ხაზარაძეს და ჯაფარიძეს წილების დათმობა და ბევრად იაფად გაყიდვა მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო. სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილი  სწორედ ამის გამო განაწყენდა.

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ შეკითხვები არსებობს და ამ ვითარებაში აქციონერების ბანკიდან ჩამოშორება გამართლებულია.

„ბანკის აქციონერების მიმართ ბუნებრივია შეიძლება შეკითხვები არსებობდეს და ბუნებრივია ბანკის აქციონერებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ ამ შეკითხვებს გასცენ პასუხები. როდესაც მიმდინარეობს პროცესი და ეს შეიძლება გრძელვადიან პერიოდში შეიძლება იქცეს დამაზიანებელ ფაქტორად, ასეთ შემთხვევაში განრიდება და განცალკევება ბანკის ხელმძღვანელი პირების და იმ პირების ვის მიმართაც არის გარკვეული შეკითხვები, ბანკისგან, შეიძლება იყოს გარკვეულწილად ახსნილი ამ მიმართულებით,“-განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

სამოქალაქო სექტორი კი ღიად მიუთითებს, რომ ეროვნული ბანკი ბიძინა ივანიშვილის დაკვეთას ასრულებს.

„ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ „თიბისი ბანკი“ ჩართულია ანაკლიის პორტის მშენებლობაში და ეს არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტი. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაშიც იკვეთება პოლიტიკური მოტივაციები და ვფიქრობ, რომ ეს კიდევ ერთ-ერთი მაგალითია იმისა, რომ ჩვენი საგამოძიებო ორგანოები არ არიან დამოუკიდებლები და იმისდა მიხედვით მუშაობენ თუ რა ინტერესები აქვს ბიძინა ივანიშვილს,“ - განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები