19 ნოემბერი 2024,   11:27
ვრცლად
ვაკვირდებით TBC ბანკის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს - შვედეთის ელჩი 

შტურმი „თიბისი ბანკზე“ - დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ეროვნული ბანკის სკანდალურ გადაწყვეტილებას ეხმაურებიან.

საუბარია მოთხოვნაზე, რომლის მიხედვითაც მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება უნდა შეუჩერდეთ და მოხდეს მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევა. 

შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ულრიკ ტიდესტრომი შეფასებებისგან თავს იკავებს, თუმცა ამბობს, რომ მიმდინარე მოვლენებს აკვირდება. 

„ისევე, როგორც ყველა, ვაკვირდებით თიბისი ბანკის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს. როგორც ვიცი, „საქართველოს ბანკი“ ასრულებს თავის ამოცანას, როგორც საბანკო სისტემის ზედამხედველი ინსტიტუტი. ასე რომ თვალს ვადევნებთ. შეფასებისგან თავს შევიკავებ, რადგან მნიშვნელოვანია, პატივი ვცეთ ეროვნული ბანკის საზედამხედველო ფუნქციას,“ - ამბობს ულრიკ ტიდესტრომი.

ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძისთვის ხელმოწერის უფლების შეჩერება და სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევა მოითხოვა. ოფიციალურად ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი ინტერესთა კონფლიქტის შესახებ კანონის დარღვევა გახდა.

ლაპარაკია პროკურატურის მიერ 10 წლის დაგვიანებით დაწყებულ გამოძიებაზე. საგამოძიებო უწყება ხაზარაძეს და ჯაფარიძეს 17 მილიონი დოლარის გათეთრებაში ადანაშაულებს.

„თიბისი ბანკი“ აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებას სასამართლოში გეგმავს.

დღის ამბები