აუცილებელია დადგინდეს სიმართლე - "თიბისი ბანკის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებს მმართველი პარტიის წევრები სამართლებრივ დავად აფასებენ.
ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო ამბობს, რომ ამ საქმეზე საზოგადოებას კითხვის ნიშნები არ უნდა დარჩეს.
„ასეთი მნიშვნელობის საკითხი,რომელიც ეხება საბანკო სისტემას, ნებისმიერი ნაბიჯი რომელიც იქნება გადადგმული მნიშვნელოვანია იყოს გამჭვირვალე და საზოგადოებისთვის აღქმადი. მე მჯერა რომ ეს მიმდინარე პროცესი ისე წარიმართება, რომ არცერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ დარჩება საზოგადოებისთვის,“ -აცხადებს დავით სერგეენკო.
საპარლამენტო უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ შეფასებების გაკეთება ნაადრევია, რადგან სამართლებრივი პროცესი ჯერ არ დასრულებულა. ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, "თიბისი ბანკი" მსხვილი ორგანიზაციაა, მას თავის დაცვის უნარი აქვს და შესაბამისად პოზიციები თანაბარია.
" TBC ბანკი არ არის უმწეო ორგანიზაცია,რომელსაც არ შეუძლია მაღალკვალიფიციური იურისტების დაქირავება, ამიტომ აქ უთანასწორო პოზიციაში არავინ დგას,“-ამბობს ნაცვლიშვილი.
საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი, ოთარ დანელია ფიქრობს, რომ "თიბისი ბანკის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებს ოპოზიცია სათავისოდ იყენებს და საკითხით მანიპულირებს.
„ როდესაც ასეთი სახის პროცესები მიმდინარეობს ყოველთვის პოლიტიკოსები ცდილობენ თავის სასარგებლოდ გამოიყენოს, ამიტომ არის მნიშვნელოვანი დადგინდეს ჭეშმარიტება და ყველამ გავიგოთ რასთან გვაქვს საქმე,"-განაცხადა დანელიამ.
მამუკა ხაზარაძემ ეროვნული ბანკის მოთხოვნის საპასუხოდ განცხადება გაავრცელა, სადაც ხაზარაძე ამბობს,რომ რომ ეროვნულმა ბანკმა თავისი ბრძანებით დააგვირგვინა ის რეპუტაციის შემლახველი კამპანია, რომელიც მისი, ბადრი ჯაფარიძისა და "თიბისის" წინააღმდეგ დიდი ხანია გრძელდება.
"კურიერის" ინფორმაციით, ამ წუთებში "თიბისი ჯგუფში" საგანგებო თათბირი იწყება, სადაც ბანკის მფლობელებმა სამოქმედო გეგმა უნდა დასახონ.