„მამუკა ხაზარაძის მიმართ განვითარებული მოვლენები პოლიტიკური რევანშისა და პოლიტიკური პრევენციის მოტივებით არის ნასაზრდოები,“ - ეს განცხადება, „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა გააკეთა.
დავით უსუფაშვილი TBC-ის და მისი მენეჯმენტის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაში პოლიტიკურ მოტივებს ხედავს. მისთვის ეროვნული ბანკის მოთხოვნა, რომელიც მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის სამეთვალყურეო საბჭოდან გათავისუფლებას გულისხმობს, მიუღებელია.
დავით უსუფაშვილი ასევე მოუწოდებს ეროვნულ ბანკს, რომ გამოაქვეყნოს ის დასკვნები და მასალები, რაც აღნიშნულ გადაწყვეტილებას უდევს საფუძვლად.
„მამუკა ხაზარაძის მიმართ განვითარებული მოვლენები, ეს არის ნაკარნახევი პოლიტიკური რევანშის და პოლიტიკური პრევენციის მოტივებით. მივმართავ ეროვნულ ბანკს, საკუთარი პრესტიჟის გასაფრთხილებლადაც და საკითხში მეტი სიცხადის შესატანადაც, გამოაქვეყნოს ბანკის წინა შემოწმების დასკვნები და მასალები, ანუ რამდენიმე წლის წინ, როცა შეისწავლეს ეს საკითხი, მაშინ რა დაასკვნეს და დღეს, რომ შეისწავლეს, რა დაასკვნეს დღეს. იმიტომ, რომ თუ წინა დასკვნის გამკეთებელი ხალხი არასათანადოდ მოეპყრო საქმეს, მაშინ მათი პასუხისმგებლობაც დასაყენებელია,“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძისთვის ხელმოწერის უფლების შეჩერება და სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევა მოითხოვა. ოფიციალურად ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი ინტერესთა კონფლიქტის შესახებ კანონის დარღვევა გახდა.
ლაპარაკია პროკურატურის მიერ 10 წლის დაგვიანებით დაწყებულ გამოძიებაზე. საგამოძიებო უწყება ხაზარაძეს და ჯაფარიძეს 17 მილიონი დოლარის გათეთრებაში ადანაშაულებს.
„თიბისი ბანკი“ აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებას სასამართლოში გეგმავს.