ყველაზე მასშტაბური რეიდერული თავდასხმა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში - გიგი უგულავა TBC ბანკის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს აფასებს.
როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, ბიძინა ივანიშვილი TBC ბანკთან მიმართებაში საკუთარ მიზნებს მაინც განახორციელებს. ერთადერთი გზა, რომელიც მამუკა ხაზარაძეს ახლა გააჩნია საზოგადოებრივი იმუნიტეტის მოთხოვნაა. თუმცა მანამდე, გიგი უგულავა თქმით, ხაზარაძემ ღიად უნდა ისაუბროს იმ მიზეზებზე, თუ რატომ ართმევენ ბიზნესს.
„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს არის ყველაზე მასშტაბური რეიდერული თავდასხმა და ყველაზე მსხვილი აქტივის „ახევის“ მცდელობა. „ქართული ოცნება" რეკორდს ხსნის, ახლა მთავარია რას იტყვის მამუკა ხაზარაძე.
ხაზარაძე უნდა გამოვიდეს და მოითხოვოს საზოგადოებრივი იმუნიტეტი. ამ იმუნიტეტისთვის საჭიროა თქვას, რატომ ართმევენ ბანკს და რატომ აჩერებენ ანაკლიის პროექტს. ივანიშვილთან ბრძოლაში, არის ბრძოლა, მეტი იმუნიტეტი არ არსებობს,“- ამბობს გიგი უგულავა.
ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძისთვის ხელმოწერის უფლების შეჩერება და სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევა მოითხოვა. ოფიციალურად ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი ინტერესთა კონფლიქტის შესახებ კანონის დარღვევა გახდა.
ლაპარაკია პროკურატურის მიერ 10 წლის დაგვიანებით დაწყებულ გამოძიებაზე. საგამოძიებო უწყება ხაზარაძეს და ჯაფარიძეს 17 მილიონი დოლარის გათეთრებაში ადანაშაულებს.
„თიბისი ბანკი“ აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებას სასამართლოში გეგმავს.