ფრაქცია „ევროპული საქართველო“ საერთაშორისო სანქციებში საქართველოსთან დაკავშირებული თემის შეტანას ითხოვს. აშშ-ს კონგრესისა და ევროკავშრის განზრახვას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის დაწესების შესახებ ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ მდივანი გიორგი კანდელაკი გამოეხმაურა.
„ევროპული საქართველო“ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეასრულოს დანაპირები და სიაში ყველა იმ პირის შეტანას ითხოვს, ვინც გიგა ოთხოზორიას და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობებში და დანაშაულის დაფარვაში იღებდა მონაწილეობას.
„შეერთებული შტატების კონგრესში შესულია კანონპროექტი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების ახალი რამდენიმე, ძალიან მკაცრი პაკეტის დაწესების შესახებ. ჯერ კიდევ გასული წლის 26 ნოემბერს „ევროპულმა საქართველომ“ და საპარლამენტო უმცირესობამ პარლამენტში შეიტანა რეზოლუციის პროექტი, რომლის თანახმადაც გარდა იმისა, რომ მთავრობას უნდა დაეგმო მომხდარი, მთავრობას პარლამენტი ავალებდა გაეწია მუშაობა ამ სანქციების მოთხოვნათა ჩამონათვალში საქართველოს საკითხების, კერძოდ, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შეტანასთან დაკავშირებით. გვსურს მოვუწოდოთ საქართველოს პარლამენტს, რომ აღარ გააჭიანუროს ამ რეზოლუციის განხილვა და რეზოლუციის განხილვა მოხდეს უკვე მომავალ კვირას,“- განაცხადა კანდელაკმა.