17 ნოემბერი 2024,   10:45
ვრცლად
"ხორცში აღმოჩნდა ცხენის დნმ" - თეონა ჭალიძე ბაგა-ბაღებში კვების რაციონში საგანგაშო ინფორმაციას ადასტურებს

ცხენის ხორცი საბავშვო ბაღებში - პარტია ახალი საქართველოს სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი, თეონა ჭალიძე, ბაგა-ბაღებში კვების რაციონში საგანგაშო ინფორმაციას ადასტურებს.

თეონა ჭალიძის თქმით, ბაღებში ცხენის ხორცის შეტანა 2018 წელსაც დაფიქსირდა.

ოპოზიციური პარტიის წევრმა ამის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაციაც წარმოადგინა.

საქმე ეხება სამტრედიაში არსებულ ბაგა-ბაღებს. თეონა ჭალიძის განცხადებით, მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

მისივე თქმით, აუცილებელია, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ჰქონდეს უფლება, ლაბორატორიული შემოწმებისთვის აიღოს ნიმუში ბავშვთა კვების რაციონიდან.

ჭალიძე კანონმდებლობის გამკაცრების აუცილებლობაზეც საუბრობს და მიაჩნია, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს გეგმიური შემოწმება სრული სურათისთვის საკმარისი არ არის.

„ეს არის ყოვლად წარმოუდგენელი, ყოვლად უსინდისო, უპასუხისმგებლო, უნამუსო ქმედება, რომელიც განხორციელდა ბიზნეს ოპერატორის მხრიდან. ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, სურსათის ეროვნულ სააგენტოს, რომელმაც მანამდე ვერ აღმოჩინა ეს შემთხვევა. ახლა ჩვენ მოვითხოვთ პასუხებს ხელისუფლებისგან, გამოვიდნენ, სამტრედიელი კახი კალაძის ჩათვლით, და გვიპასუხონ, რა ხდება ბაგა-ბაღებში. ჩვენ ახლა ხელში გვიჭირავს დოკუმენტი, სადაც ლაბორატორიულად არის დადასტურებული, რომ ხორცში აღმოჩნდა ცხენის დნმ," - ამბობს ჭალიძე.

დღის ამბები