„სამართლებრივ პროცესს, რაც ნაკლებად გადავიყვანთ პოლიტიკურ ამპლუაში, მით ნაკლებად დავაზიანებთ ამ პროცესს," - ასე გამოეხმაურა ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილე, დავით მათიკაშვილი, თიბისი ბანკის საქმეს.
მმართველი გუნდის წევრები თიბისი ბანკის საქმეში პოლიტიკური მოტივებს ისევ ვერ ხედავენ. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ 11 წლისწინანდელი საქმის არქივიდან ამოღება სამართლებრივი პროცესია.
„სამართლებრივად არის პროცედურები დასაცავი. ეროვნული ბანკის კონკრეტული გადაწყვეტილება არსებობს, რომელიც შესაძლებელია, გასაჩივრებადი არის და შესაძლებელია, გასაჩივრდეს. ასე რომ, ჩვენ სამართლებრივ პროცესს, რაც ნაკლებად გადავიყვანთ პოლიტიკურ ამპლუაში, მით ნაკლებად დავაზიანებთ ამ პროცესს. ბანკი არის ეკონომიკის შემადგენელი ნაწილი. ცხადია, რომ სენსიტიურად, ფრთხილად უნდა მოხდეს კომერციულ ბანკთან ურთიერთობა, თუმცა, მეორე მხრივ, კანონი სრულად უნდა იქნას დაცული,“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ეროვნულმა ბანკმა თიბისი ბანკის დამფუძნებლების - მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძისთვის, ხელმოწერის უფლების შეჩერება და სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევა მოითხოვა. თიბისი ბანკი სებ-ის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს.